კახა გოგოლაშვილი: უკრაინა რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილიყო, მისი ეკონომიკა და სამხედრო რესურსები ამას ვერ გაუძლებდა
“უკრაინა რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილიყო, მისი ეკონომიკა და სამხედრო რესურსები ამას ვერ გაუძლებდა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი გაიქცეოდა და რუსეთიც, ალბათ, მიზანს მიაღწევდა”, – ამის შესახებ “რონდელის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, რუსეთი აუცილებლად დამარცხდება.
“ყველაზე გასაკვირი ამ ომში ის არის, რომ რუსეთი არავისთვის არაფრის დამტკიცებას არ აპირებდა, თუ რა საბაბით დაიწყო ეს შეტევა, რაც ცინიკურია. ეს ომი სიცრუეზეა აგებული. თავსაც იტყუებს, რომ თავისი გაიტანოს, ოღონდ საბოლოოდ რა მიზანი აქვს და სად გაჩერდება, თუ არ შეაჩერეს, ვერავინ გაიგო. ამ დროის განმავლობაში, პუტინის მიზნები და სტრატეგია არაერთხელ შეიცვალა, რაც უკვე მის პრინციპულობაზე კი არა, დაბნეულობაზე მიანიშნებს, რის შეფუთვასაც ძალიან ცდილობს. საბოლოოდ შეჩერდა იმაზე, რომ უკრაინას წაგლიჯოს სამხრეთისა და აღმოსავლეთის მიწები, რათა რუსეთის ტერიტორია დნესტრისპირეთამდე გააფართოოს. ამას რომ ვეღარ მოახერხებს, აშკარაა. უკრაინა რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილიყო, მისი ეკონომიკა და სამხედრო რესურსები ამას ვერ გაუძლებდა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი გაიქცეოდა და რუსეთიც, ალბათ, მიზანს მიაღწევდა. ეს ვერ გათვალეს, ვერ გაიაზრეს, რომ უკრაინას მხოლოდ ევროპა კი არა, მსოფლიო დაუდგებოდა მხარში. თუმცა ომი მარტივი საქმე არ არის, მით უფრო, რუსეთისხელა სახელმწიფოსთან. ამას დრო სჭირდება, რომელიც ახლა უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს. რუსეთი აუცილებლად დამარცხდება, ოღონდ ჯერ უცნობია, სად შეაჩერებენ… რუსეთი მოლდოვის მიმართულებითაც აქტიურობს, მაგრამ მისი მუქარა ამ ქვეყანაში შეჭრაზე არასერიოზულია. არა მგონია, ნატოს წევრი რუმინეთი ომში არ ჩაერთოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ალიანსის წევრი სხვა სახელმწიფოებიც ჩაერთვებიან. შესაძლოა რუმინეთმა შეზღუდული კონტინგენტი შეიყვანოს და მას დაემატოს უკრაინის შეიარაღებული ძალებიც, რადგან მოლდოვის მთავრობამ უკვე განაცხადა, საფრთხის შემთხვევაში დიდი იმედი გვაქვს, რომ უკრაინა ჯარით დაგვეხმარებაო. ეს იმას ნიშნავს, რომ მოლდოვა უკრაინისა და რუმინეთის ჯარებს ოფიციალურად მიიწვევს, რათა რუსეთის შესაჩერებლად ერთად იმოქმედონ.
რუსეთს კი ახლა ნამდვილად არა აქვს იმხელა რესურსი, რომ დიდი ომი გააჩაღოს. ერთი რუმინული დივიზია და სამი-ოთხი უკრაინული ბატალიონი საკმარისი იქნება რუსული დესანტისგან მოლდოვის დასაცავად. უკვე ისიც იკვეთება, რომ უკრაინა თანდათან შეტევაზე გადავა. ახლა ძალიან სჭირდებათ ავიაცია და იმედია, ეყოლებათ კიდეც. უფრო გააძლიერებენ არტილერიასაც, რომელიც ისედაც ბევრად ძლიერია, ვიდრე რუსული. მათ აქვთ ამერიკული 155 მმ-იანი ჰაუბიცები, რომლებიც 40 კმ-ზე მეტ რადიუსზე გამოიყენება. დიახ, რუსეთს ჰყავს გემები, წყალქვეშა ნავები, მეტი სარაკეტო კომპლექსი, მაგრამ ომში გადამწყვეტ როლს თამაშობს მოტივაცია, რაც უკრაინელ სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობას არ აკლია, რუსული არმია კი სრულიად დაცლილია ამისგან. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთს მძიმე სანქციები აქვს დაწესებული. ამასთან, რაც დრო გავა, ევროპული სახელმწიფოები რუსული ნავთობის მოხმარებას უფრო მეტად შეამცირებენ. ძალიან შემცირდება რუსული გაზის გამოყენებაც. ომს ფინანსები სჭირდება, ამიტომ პუტინს მასშტაბური ომის წარმოება ძალიან გაუჭირდება. უკრაინის ომმა გერმანია და ევროპის სხვა სკეპტიკური სახელმწიფოებიც კი მიახვედრა, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოში შესვლაზე უარი არ უნდა ეთქვათ. ახლა კიდევ ერთი შანსი აქვთ სიტუაცია გამოიყენონ და ეს ქვეყნები ალიანსში შეიყვანონ, რათა მათი უსაფრთხოებაც უზრუნველყონ და დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობაც მისცენ. ვფიქრობ, ეს შანსი არსებობს და თუ რუსეთი დამარცხდა, შემაფერხებელი ფაქტორი აღარ იარსებებს. არც ენერგოდამოკიდებულების შიში იქნება და აღარც სათქმელი ექნებათ, რომ რუსეთი გაღიზიანდება. შესაბამისად, ამ ალიანსში საქართველოსა და უკრაინასაც მიიწვევენ. თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ როგორ გავივლით ამ პერიოდს. ყველანაირად უნდა ავირიდოთ იმაზე საუბარი, თითქოს არსებობს შესაძლებლობა, რომ რუსეთმა სანქცირებული საქონელი საქართველოს გავლით გაატაროს. როგორც უნდა დაგვაშანტაჟონ რუსებმა, ომიც რომ წამოიწყონ, დესანტიც რომ გადმოსხან, ამაზე არ უნდა წავიდეთ. მე არ მჯერა, რომ ჩვენი მხრიდან ამის ალბათობა არსებობს, მაგრამ თეორიულ დონეზეც არავის უნდა მივცეთ იმის თქმის საფუძველი, რომ საქართველო რაღაც ფორმით მის გვერდით დგას, რადგან რუსეთი აუცილებლად დამარცხდება.
თუ შეგვეშინდება და რაიმე დათმობაზე წავალთ, ეს იქნება ძალზე მოკლევადიანი ხედვა, რომელიც ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან დააზარალებს. ამიტომ სახელმწიფოს პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ევროკავშირში შესვლას, ეს გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად იმდენად კარგი შანსი გვაქვს, რომ ცოტა ხნის წინ ვერც წარმოვიდგენდით. ძალზე მშვიდად, მაგრამ დაჟინებით უნდა ვიაროთ ევროკავშირისკენ, რასაც აუცილებლად დასჭირდება რეფორმები, ქვეყანაში ბევრი რამის შეცვლა, გაუმჯობესება. ეს შანსი უკრაინის ომის პარალელურად მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა მოგვიტანა. მთავარია, შევინარჩუნოთ ახალი მომავლისკენ სწრაფვის სურვილი და ერთიანობა. ახლა რუსეთი ყველანაირად შეეცდება საქართველოში ერთიანობა დაასუსტოს, საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობრებს ჩამოგვაშოროს, მოქმედების მიმართულება ისე შეცვალოს, რომ საქართველო რუსეთთან კოლაბორაციონისტად წარმოაჩინოს. ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, ქვეყანაში მეტი კონსოლიდაცია უნდა გვქონდეს, ახლა მაინც…
ძალიან არ მომწონს, რომ მთავრობა და ოპოზიციაც ერთმანეთის ზღვარგადასულ კრიტიკაზე არიან გადართული. გასაგებია, რომ ერთ მხარეს არ სურს მათი ლიდერი სააკაშვილი ციხეში იჯდეს, მეორეს კი ეშინია, რომ რევანში არ აიღოს. ნუ ავიწყდებათ, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრის არ არის. თუ სააკაშვილს უცხოეთში მკურნალობა სჭირდება, ბოლოს და ბოლოს, გაუშვან, ამით არაფერი დაშავდება. თუ “ოცნებას” მისი გარეთ ყოფნა აშინებს, გაუშვან საზღვარგარეთ, ისე, რომ აღარ დაბრუნდეს და ამაში გაუქვითონ სასჯელის დარჩენილი ვადა. ძველ რომში, როდესაც მაღალი იერარქიის წარმომადგენელი დანაშაულს სჩადიოდა, რომიდან განდევნიდნენ. მით უფრო, რომ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღარ აქვს. პრეზიდენტმა შეიწყალოს და უთხრას, ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი გაქვსო და აღარ შემოუშვან. მას ციხეში მართლაც რამე რომ დაემართოს, ეს ტრაგედია იქნება. ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს მმართველ გუნდსაც – მისი საერთაშორისო რეიტინგი კატასტროფულად დაეცემა და მოსახლეობაშიც ძალიან ცუდ რეაქციას გამოიწვევს, რადგან ქართველი საზოგადოება ადამიანურ ტრაგედიაზე ძალიან ემოციურად რეაგირებს. სააკაშვილის აქ ყოფნა პოლიტიკურად აზიანებს “ნაცმოძრაობასაც”. ის ჯერ ახალგაზრდა კაცია და სხვა ქვეყანაში რამე სასარგებლო საქმეს მოჰკიდებს ხელს. ასეთი შეურიგებლობა, პოლიტიკური განხეთქილება, რომელიც ახლა მოსახლეობაშია, ქვეყანას დააზიანებს და რუსეთი ამას გამოიყენებს. თუ ვინმე იტყვის, რომ მას ახლა ამისთვის არ სცალია, ცდება, რუსეთს პატარა საქართველოსა და სხვა მეზობელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის ყოველთვის სცალია”, – განაცხადა გოგოლაშვილმა.