ტაქსის მძღოლებს, მგზავრთა ჩასხდომა/გადმოსხდომის მიზნით, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოძრაობის უფლება ექნებათ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, თბილისში ტაქსის მძღოლებს მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომისა და გადმოსხდომის მიზნით შესაძლებლობა მიეცემათ, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ ადგილას იმოძრაონ ან გაჩერდნენ.
„ტაქსის მძღოლებს შეეძლებათ უსაფრთხოდ უზრუნველყონ მოძრაობა, მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომისა და ავტომობილიდან გადმოსხდომის დროს. ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას“, – განაცხადა მაია ბითაძემ.