ირაკლი ლექვინაძე ბერლინში კონკურენციის 21-ე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ბერლინში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონკურენციის უწყების ICN-ის მიერ ორგანიზებულ 21-ე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონკურენციის ორგანოს პრეზიდენტი, ანდრეა მუნდტი; გაერო-ს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ტერეზა მორეირა; ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, უილიამ კოვაჩიჩი; ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი, მარგრეტ ვესტაგერი; აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის, კონკურენციის ბიუროს დირექტორი, ჰოლი ვედოვა და ა.შ.

კონფერენციის ფარგლებში, განიხილება შემდეგი საკითხები: კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები – მექანიზმები და პროცესები; პრიორიტეტები, ახალი ტენდენციები და პანდემიის შედეგად მიღებული გამოწვევები; კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების მექანიზმები და საერთაშორისო მიდგომები; სექტორის მარეგულირებელ და საჯარო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მეთოდები; სახელმწიფო შესყიდვებში ფარული გარიგებების გამოვლენისა და მათთან ბრძოლის საკითხები; მომხმარებელთა უფლებების დაცვა, კონფიდენციალურობა და კონკურენციის სამართლის ციფრულ ბაზრებზე და სხვა.

კონფერენციას 70 ქვეყნიდან, 350-მდე მონაწილე ესწრება. მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყების ხელმძღვანელი პირები, ევროპარლამენტარები, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურისტები და ეკონომიკური დარგის ექსპერტები, აკადემიური წრის წარმომადგენლები და ა.შ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის სამუშაო შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონკურენციის ორგანოს პრეზიდენტთან, ანდრეას მუნდტთან. ასევე, ორმხრივი შეხვედრებია ჩანიშნული სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყების ხელმძღვანელ პირებთან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები