პროფკავშირები ბორჯომის ქარხნის თანამშრომლების შრომითი უფლებების დასაცავად ჯანდაცვის სამინისტროში განცხადებას შეიტანს
დღეს, აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე, კომპანია “აიდიეს ბორჯომის” დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის მედიაციის პროცესის დაწყების მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში განცხადებას შეიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.
არსებული ცნობებით, მედიაციის პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით მაქსიმუმ 21 დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც თუ შეთანხმება ვერ შედგა, დასაქმებულები გაიფიცებიან.
გიორგი დიასამიძის განმარტებით, როდესაც პროფკავშირები განცხადებას შეიტანს, ჯანდაცვის სამინისტრო მედიატორს გამოყოფს, ამის შემდეგ სახელმწიფოს წარმომადგენელი, პროფკავშირები, დასაქმებულები და დამსაქმებელი ერთად დასხდებიან, რათა არსებული პრობლემები მოგვარდეს. თუ პრობლემები არ მოგვარდება, დასაქმებულებს 21 დღის შემდეგ სრული უფლება ექნებათ კანონიერი გაფიცვა აწარმოონ.
ცნობისთვის, დღეს, „ბორჯომის“ ქარხანასთან კომპანიის თანამშრომლების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მენეჯმენტის მხრიდან შეთავაზებულ ახალ კონტრაქტებს აპროტესტებენ. დასაქმებულები აცხადებენ, რომ მზად არიან, მოაწერონ ხელი კონტრაქტებს მხოლოდ იმ დათქმით, რომ ქარხნის ამუშავებასთან ერთად, ძველი პირობები დაბრუნდება.
შეგახსენებთ, 29 აპრილს კომპანიამ „ბორჯომის“ ორივე ქარხნის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ კომპანიის ერთ-ერთი მეწილის სანქცირებულთა სიაში მოხვედრის გამო, “აიდიეს ბორჯომის” საბანკო ანგარიშები გაიყინა.