რატი ბრეგაძე – „ნაცმოძრაობაზე“: მათ დროს ადამიანები ციხეში არა თუ ისხდნენ, არამედ იდგნენ

მათ დროს ადამიანები ციხეში არა თუ ისხდნენ, არამედ იდგნენ, – ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას.

იუსტიციის მინისტრი ნიკა მელიას ურჩევს, რომ კარგად ჩაიხედოს პოლიტიკურ სარკეში, სადაც მისი, როგორც პოლიტიკური მოღვაწის რეალურ სახეს დაინახავს.

„როდესაც ციხეში ადამიანების მკვლელობაზე საუბრობს ბატონი მელია, უნდა ვთქვა ერთი რამ – მათ დროს ადამიანები ციხეში არა თუ ისხდნენ, არამედ იდგნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. როდესაც ერთ საკანში იყო 30 და 35 ადამიანი და მათ ჩამოჯდომის საშუალებაც არ ჰქონდათ, არა თუ დაწოლის და ადეკვატური მკურნალობის მიღების. და როდესაც ეს ადამიანი და ნებისმიერი მისი პარტიული მეგობარი საუბრობს, რომ თითქოსდა ციხეში ვინმეს კლავენ, ეს არის ყოვლად მიუღებელი. მას ვურჩევდი, კარგად ჩაიხედოს პოლიტიკურ სარკეში და დაინახავს მისი, როგორც პოლიტიკური მოღვაწისა რეალურ სახეს“, – განაცხადა ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა: „არ არსებობს არგუმენტი, შენ ადამიანს ციხეში კლავდე, ამის მტკიცებულებები არსებობდეს და ჯიუტად საუბრობდე, რომ ეს ადამიანი, დიახაც, უნდა იყოს ტყვეობაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები