ცუცქირიძე: ბინძურ კამპანიაში, რომელიც უკრაინის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობს, ჩართული არიან ცალკეული ევროპარლამენტარებიც, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტობაში იყვნენ შემჩნეული

ბინძური კამპანია, რომელიც უკრაინის ოფიციოზის ნაწილის მხრიდან, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობს არ არის მხოლოდ ემოციურ პოლიტიკაზე აგებული, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ცილისმწამებლურ კამპანიაში ჩართული არიან ცალკეული ევროპარლამენტარებიც, ყოფილ დიპლომატებთან ერთად, რომლებიც ადრეც შემჩნეული იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტობაში.

„ბინძური კამპანია, რომელიც უკრაინის ოფიციოზის ნაწილის მხრიდან, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობს არ არის მხოლოდ ემოციურ პოლიტიკაზე აგებული. ამ ცილისმწამებლურ კამპანიაში ასევე არიან ჩართული ცალკეული ევროპარლამენტარებიც, ყოფილ დიპლომატებთან ერთად, რომლებიც ადრეც შემჩნეული იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტობაში.

დღეს მიიჩნევა, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მცდელობა საერთაშორისო დონეზე, რომელიც ორკესტრირებულია ნაციონალების მიერ და საერთაშორისო ზეწოლით, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას ემსახურება. ამ თვალსაზრისს ნამდვილად აქვს არსებობის უფლება, თუმცა ვფიქრობ, მისი მიზანი გაცილებით მეტია!

ჩემი შეფასებით, მთელი ეს კამპანია ორიენტირებულია საქართველოში ხელისუფლების ცვლილებაზე, განსაკუთრებით რუსეთის დამარცხების შემთხვევაში, რისი ალბათობაც არც თუ მცირეა. გათვლა კი კეთდება იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციამ უნდა მოამზადოს ნიადაგი საერთაშორისო ზეწოლისათვის, რაც ბუნებრივია ვადამდელ არჩევნებზე უნდა გავიდეს, სადაც „ქართულ ოცნების“ შანსები მინიმუმამდე იქნება დასული.

ყველაზე ნათელი ილუსტრირება ამ „ფეიკ“ კამპანიის ხასიათზე, ბიძინა ივანიშვილის რუს ბიზნესმენ ევტუშენკოვთან დაუდასტურებელი საუბრის აუდიო ჩანაწერის შემოგდება იყო, იმის საჩვენებლად თუ როგორ თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლება პუტინისტურ რუსეთთან და ცდილობს გვერდი აუაროს საერთაშორისო სანქციებს.

მართალია, უკვე გამჟღავნდა რეალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ევტუშენკოვის სანქცირებულ პირად მოხსენიება, მორიგი „ფეიკი“ აღმოჩნდა, თუმცა ამით დიდად არც არაფერი იცვლება.

თუ კარგად დავაკვირდებით აქამდე გაჟღერებული ყველა ბრალდებაც, თან დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, სანქციებზე არ მიერთებიდან დაწყებული და  სანქციების გვერდის ავლით ე.წ შავი ხვრელების თემით დამთავრებული, სწორედ  საერთაშორისო დემონიზაციაზეა გათვლილი, ისევე როგორც „ფეიკ ნიუსების“ პოლიტიკა არის წამყვან პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული და რომელიც შიდა მოხმარებაზე უკვე პროოპოზიციური მედიით ხორციელდება, ელექტორალურ ბუნტს და „ტვინების გამორეცხვას“ ემსახურება.

მთელი ამ კამპანიის მთავარი მიზანი, როგორც აღვნიშნე, საქართველოში ხელისუფლების ცვლილებაა და თავსაც ნუ მოვიტყუებთ, ამ კამპანიაში წამყვან ვიოლინოს მხოლოდ საეჭვო წარსულის და რეპუტაციის  უკრაინის ხელისუფლების  ცალკეული წევრები არ ასრულებენ და არც ცალსახად რუსულ ნარატივს წარმოადგენენ.

დღეს ჩვენ გავდივართ დანის წვერზე, რამდენადაც იზრდება საქართველოს გეოპოლიტიკური პერსპექტივა, იმდენად იზრდება რისკებიც, ხოლო ამ ომის  გადამწყვეტ ფაზაში გადასვლასთან ერთად, გარედან ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება.

ხელისუფლების მთავარი ამოცანაც ამ რისკების მაქსიმალური განეიტრალება უნდა იყოს!“, – წერს ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები