საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორს, მატეო მეკაჩის შეხვდნენ
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორს, მატეო მეკაჩის და თანმხლები დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, შეხვედრაზე ეუთო/ოდირის მხრიდან წარმოდგენილი იყო წინადადებები, რაც ორგანიზაციის მონიტორინგის ფუნქციის გაზრდას გულისხმობს.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ საარჩევნო რეფორმაზე და ასევე, იმ გარემოზე, რომელშიც საქართველოში არჩევნები უკვე დიდი ხანია ტარდება. სტუმრებმა წარმოადგინეს კონკრეტული წინადადებები, რაც გულისხმობს იმას, რომ რეალურად მათი მონიტორინგის ფუნქცია კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ორგანიზაცია ამ მონიტორინგის ფუნქციით ივნისში წარდგება, რაც იქნება საარჩევნო გარემოს შეფასების კიდევ უფრო ფართო ხედვის წარმოდგენა.
ვისაუბრეთ, ასევე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე და ზოგადად, ქვეყანაში მართლმსაჯულების როლზე დემოკრატიის მშენებლობაში, რაც საკმაოდ შესუსტებულია”, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. „მათ ესმით, რომ ეს რეკომენდაციების პაკეტი, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სხვადასხვა რეკომენდაციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეხვედრას ქართული მხრიდან, ასევე, ესწრებოდნენ: პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები” თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები” თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია, პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი” წევრი ჰერმან საბო, „რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე და უფრაქციო პარლამენტის წევრები სალომე სამადაშვილი და ანა ბუჩუკური.