მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ხვალისთვის აქციას აანონსებს
საქართველოს მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ხვალ, 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს.
შესაბამისი განცხადება მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.
“მართლაც ძალიან მძიმე სურათია, დღითი დღე ვხედავთ, როგორ მძიმდება ჩემი ძმის მდგომარეობა. ძალიან აღელვებული ვარ, ვინაიდან ვხედავ, რომ ადამიანი, სრული გაგებით, იღუპება. მე, როგორც ძმა, ვალდებული ვარ, განვაცხადო, მაქსიმალურად უნდა დავუდგე გვერდზე, აღარ არის დრო ლოდინის. მე ბრიფინგზე რამდენიმე დღის წინ განვაცხადე, რომ ვაპირებდი რეგიონებში სიარულს. ორი დღე ვაკვირდებოდი მიმდინარე პროცესებს და მართლა გვესმის ქილიკი და შეურაცხყოფა ჩვენი ოჯახის, რომ თუ საჭმელია, ჭამოს, არაჟანთან ერთად გადაადგილდებოდა, მსგავს სისულელეებს ვისმენთ.
მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, გონს მოეგეთ, აღარ არის დრო ასე მოვექცეთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს წინსვლაში და შენებაში, ამიტომ, ჩვენ ოჯახმა, გადავწყვიტეთ და ხვალ, კანცელარიასთან, საღამოს 7 საათზე, ვაორგანიზებთ აქციას, რომელიც იქნება, იმისთვის, რომ გავაგონოთ საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს მოსახლეობის ხმა, მივმართავ ასევე ემიგრანტებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, დაგვიდგნენ გვერდზე შეძლებისდაგვარად, ეს არის ჩვენი ბოლო შანსი, რომ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე”, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.