პოლიტიკური ჯგუფის – „მოქალაქეები” წევრები პოლონეთის ელჩს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან იოსელიანი და პოლიტიკური ჯგუფის – „მოქალაქეები” თავმჯდომარე, ალექსანდრე ელისაშვილი პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარიუშ მაშკიევიჩის შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და უკრაინის მიმართ პოლონეთის მხრიდან გამოვლენილ მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

„ის, რასაც პოლონეთი უკრაინისთვის აკეთებს, მართლაც სამაგალითოა. ვისურვებდით, რომ საქართველოც ყოფილიყო პოლონეთის მეზობელი, რადგან ჩვენი ქვეყანა სულ სხვა კუთხით გაუმკლავდებოდა ბევრ პრობლემას, რაც რუსეთის ფედერაციას უკავშირდება. პოლონეთი არის ქვეყანა, სადაც ქართველები გამორჩეულად უყვართ და საქართველოს და პოლონეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, პოლონელ დიპლომატთან შეხვედრისას საუბარი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და ამ კუთხით პოლონეთის მხარდაჭერას შეეხო.

„ჩვენთვის საინტერესოა პოლონეთის პოლიტიკური გამოცდილება საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ბლოკის დაშლის შემდეგ. პოლონეთი გამორჩეულად ძლიერია თვითმმართველობის კუთხითაც და ეს გამოცდილებაც ჩვენთვის საინტერესოა. საქართველოს და პოლონეთს ისტორიული და კულტურული ტრადიციები აკავშირებს და, ამ მიმართულებითაც, პოლონეთთან თანამშრომლობის გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა ალექსანდრე ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები