ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი გამოაცხადა, რომელშიც რუსული ნავთობის ეტაპობრივი ემბარგოს დაწესების წინადადებაც არის შესული.
ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
კერძოდ, შეზღუდვები შეეხო ბუჩაში ჩადენილ სისასტიკეზე პასუხისმგებელ პირებს.
“დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ სანქციების მეექვსე პაკეტს. პირველ ყოვლისა, მასში შევიყვანეთ მაღალი რანგის სამხედროები და სხვა პირები, რომლებმაც ბუჩაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს. ჩვენ ვიცით, ვინც ხართ და თქვენ პასუხს აგებთ”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, სანქციებში მოხვდა რამდენიმე რუსული საფინანსო ინსტიტუტი, ასევე, რუსი პროპაგანდისტები.
„მეორე, ჩვენ ვუწესებთ სანქციებს “სბერბანკს” – რომელიც უდავოდ რუსეთის უმსხვილესი ბანკია – და ორ სხვა მსხვილ ბანკს. მესამე, ჩვენ ვუკრძალავთ ჩვენს ეთერებთან წვდომას სამ დიდ რუსულ სახელმწიფო მაუწყებელს, რომლებიც აგრესიულად ავრცელებენ პუტინის სიცრუეს და პროპაგანდას. და ბოლოს, ჩვენ გთავაზობთ რუსული ნავთობის აკრძალვას. მოდით, ვაღიაროთ: ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ვალდებულნი ვართ, ამაზე ვიმუშაოთ”, – განაცხადა ფონ დერ ლეიენმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს სურს უკრაინის გამარჯვება.
“და, სწორედ ამიტომ მე გთავაზობთ, დავიწყოთ მუშაობა ჩვენი უკრაინელი მეგობრების აღდგენის მასიურ პაკეტზე. ამ პაკეტმა უნდა მოიტანოს დიდი ინვესტიციები საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და საჭირო რეფორმების განსახორციელებლად”, – დასძინა ფონ დერ ლაიენმა.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი ძალაში 8 აპრილს შევიდა. იგი მოიცავდა აგვისტოდან რუსული ნახშირის შესყიდვისა და რუსული გემებისთვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას. ასევე, აკრძალულია ტრანსპორტირება ბელარუსსა და რუსეთში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge