5-6 მაისს თბილისში საგზაო მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით კონფერენცია – Bituroad 2022 გაიმართება

5-6 მაისს თბილისში საგზაო მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით კონფერენცია – Bituroad 2022 გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობას ადგილობრივი და უცხოური სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები; ბიტუმის, ქიმიური დანამატების და ტექნიკის საერთაშორისო მწარმოებლები მიიღებენ.

ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანია „ბიტუგრუპის“ დირექტორმა, კონფერენცია Bituroad 2022-ის ორგანიზატორმა, დავით ბერიძემ განაცხადა.

„5-6 მაისს თბილისში სასტუმრო „ჰუალინგში“ კონფერენცია, სახელწოდებით – Bituroad 2022 გაიმართება, რომლის მთავარი მიზანი საგზაო დარგის სპეციალისტების შემოკრება და ამ დარგის გამოწვევებზე, ახალ ტექნოლოგიებზე მსჯელობაა. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული საგზაო-სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, დარგის რეგიონული წარმომადგენლები, ამავე დროს, ბიტუმის, ქიმიური დანამატების და ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ძალიან ცნობილები და ავტორიტეტულები არიან. ექსპერტებს, კომპანიის ხელმძღვანელებს, დარგის სპეციალისტებს შორის შეხვედრები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა იქნება. ამ კონფერენციის ჩატარების მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებს, საგზაო-სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება მივცეთ, უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეთ იმ კომპანიებთან, რომელთა პროდუქტი – ბიტუმი, ქიმიური დანამატები, ტექნიკა, ამ დარგში ძალიან მნიშვნელოვანია. მათ საშუალება ექნებათ, ურთიერთობა პირისპირ ჰქონდეთ. ჩვენს კომპანიას სურს, ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებსა და ამ დარგში პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს შორის ერთგვარი პლატფორმა, დამაკავშირებელი ხიდი გააკეთოს.

რაში მდგომარეობს ამ დარგის გამოწვევები: პირველ ყოვლისა, ესაა ბიტუმი, საგზაო მშენებლობის მთავარი პროდუქტი, რომელიც აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. ასევე, არის გზების უსაფრთხოების თემა, საგზაო -სამშენებლო ტექნიკა, რომელიც საჭიროა, რათა ახალი ტექნოლოგიები დაინერგოს. გამოწვევა ბევრია. ქვეყნის განვითარებისათვის გზების მშენებლობა ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია. ასეთი ტიპის კონფერენცია პირველია არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ – რეგიონშიც“, – განაცხადა დავით ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები