პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები შსს-ს აკადემიის საქმიანობას გაეცნენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის წევრებს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უმასპინძla.

პარლამენტის ინფორმაციით, ალექსანდრე დარახველიძემ და აკადემიის რექტორმა, ივანე პაპიაშვილმა დეპუტატებს აკადემიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

საუბარი შეეხებოდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, სასწავლო პროგრამების სპეციფიკას და იმ ბენეფიტებს, რომლებსაც აკადემიის მსმენელები იღებენ. დეპუტატებმა სიმულაციური სასწავლო სივრცე, გარე სპორტული და ტაქტიკური სივრცე, ვირტუალური ტირი, თანამედროვე სტანდარტებით აგებული ახალი ტირი, სიმულაციური სასაზღვრო გამშვები პუნქტი, საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს და შსს-ს არქივი და ის სასტუმრო მოინახულეს, რომელშიც რეგიონიდან კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩამოსული პოლიციელები ცხოვრობენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაწესებულებაა, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს როგორც მოქმედი, ასევე მომავალი პოლიციელების მომზადება-გადამზადებაში, მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში, იმისთვის რომ საპოლიციო საქმიანობა მაღალი პროფესიონალიზმით განხორციელდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის გამორჩეულად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული უწყება, რასაც ადასტურებს პარლამენტსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის მაღალი ხარისხი.

პარლამენტის მხრიდან ქართულ პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოველთვის ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა”, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია პირველი პროფესიული სასწავლებელია, რომელსაც 2020 წელს განათლების სფეროში ხარისხის მართვის ISO სერტიფიკატი გადაეცა. „ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი ინსტიტუტის არსებობა, რომელიც მომზადებულ, პროფესიონალ პოლიციელებზე და იმ გამოწვევების ადექვატურ პასუხზეა ორიენტირებული, რაც ქვეყანაში მართლწესრიგის უზრუნველყოფისთვის არის აუცილებელი.

აკადემიაში ბევრი ახალგაზრდა მსმენელი ვნახეთ, მათ შორის, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ არიან ქალები. ის თანამედროვე ტექნოლოგიები და თანამედროვე განათლების სისტემა, რომელიც მომზადებული პოლიციელებისთვის არის აუცილებელი, ვფიქრობ, რომ მეტ შესაძლებლობას იძლევა მეტი უსაფრთხოება და მეტი მართლწესრიგი იყოს ქვეყანაში დაცული”, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეონა აქუბარდიამ. აკადემიის სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები