უნგრეთი უარყოფს, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გეგმების შესახებ იცოდა და კიევისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს
უნგრეთი უარყოფს, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმის გეგმების შესახებ წინასწარ გააფრთხილა და NSDC-ის მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებებს „ყალბს“ უწოდებს.
ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის საერთაშორისო კომუნიკაციებისა და ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფო მდივანმა, ზოლტან კოვაჩმა განაცხადა.
„პასუხი ყალბ ამბებზე: 3 აპრილს უნგრელებმა გადაწყვიტეს, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს არ მიაწოდებს. ჩვენ გვესმის, რომ უკრაინა არ მიესალმება ჩვენს გადაწყვეტილებას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ყალბი ამბების გავრცელება და სიცრუის გამოგონება ჩვენს პოზიციას არ შეცვლის“, – წერს კოვაჩი Twitter-ზე.
თავის მხრივ, უნგრეთის საელჩომ უკრაინაში განაცხადა, რომ ისინი აღშფოთებულნი არიან ალექსეი დანილოვის განცხადებებით და მის სიტყვებს „ცრუ ცილისწამება“ უწოდეს.
„უნგრეთის შესახებ გაკეთებული განცხადებები შეიცავს ცრუ და უსაფუძვლო ბრალდებებს და ასევე აღძრავს სიძულვილს უნგრელი ხალხისა და უნგრეთის მიმართ ომით განადგურებულ უკრაინულ საზოგადოებაში. დანილოვმა გაიხსენოს მათი განცხადებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უნგრეთის საელჩო ასევე ელის ახსნა-განმარტებებს უკრაინის ხელისუფლებისგან, თუ როგორ ხედავენ ორ სახელმწიფოს შორის შემდგომ ურთიერთობებს.
„რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინის ხელმძღვანელობის ზოგიერთი წარმომადგენელი ასე საუბრობს ნატოსა და ევროკავშირის წევრ უნგრეთზე, რომელმაც უკვე არაერთხელ დაამტკიცა თავისი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ჩვენი საელჩო ელოდება უკრაინის კომპეტენტური ლიდერებისგან ახსნა-განმარტებებს, თუ როგორ წარმოუდგენიათ მომავალში ჩვენი ორმხრივი და კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება ნათქვამის ფონზე“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, უნგრეთმა იცოდა უკრაინაზე თავდასხმისთვის მზადების შესახებ.