ერევანში აქციის მონაწილეები მთავრობის სახლს მიუახლოვდნენ, მათი ნაწილი ერევნის უნივერსიტეტში შევიდა
ერევანში აქციის მონაწილეები, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, მსვლელობით მთავრობის სახლთან მივიდნენ.
შეკრებილები სხვადასხვა ლოზუნგს სკანდირებენ, მათ შორის, ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნას.
აქციის მონაწილეთა ნაწილი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც შევიდა და იქ სკანდირებდა – “გაფიცვა”.
ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცესპიკერმა, იშჰან საგათელიანმა სტუდენტებს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„ეს არ არის ძალაუფლებისთვის, ეს არის ყველა ჩვენგანისთვის. ყველას ვთხოვ, შემოგვიერთდით – არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ – თანამებრძოლებს. 1988 წელს ამ კიბეებიდან არწახის განმათავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო. 2020 წელს ბევრმა თქვენმა მეგობარმა და თანაკურსელმა სამშობლოსთვის სიცოცხლე გაწირა, ყველა ჩვენგანისთვის“, – განაცხადა მან ერთ-ერთ აუდიტორიაში, სადაც ლექცია მიმდინარეობდა.
მანვე დასძინა, რომ სტუდენტებს მოედანზე დაელოდება. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, რუბენ მელქონიანი შეუერთდა.