შალვა პაპუაშვილი: თუ ვინმეს სააკაშვილზე გული შესტკივა, უნდა დაითანხმოს, რომ სამედიცინო სერვისები მიიღოს
სააკაშვილი უარს ამბობს გარკვეული სამედიცინო მომსახურების მიღებაზე. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ადამიანი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილების გულშემატკივრებმა ექსპრეზიდენტი უნდა დაიყოლიონ, რომ წამლები მიიღოს.
“მნიშვნელოვანია, ნაცვლად იმისა, რომ მისი გულშემატკივრები დაკავებული იყვნენ წახალისებით, მან ეს ქმედება გააგრძელოს, უნდა დაიყოლიონ სააკაშვილი, რომ მიიღოს ის სამედიცინო სერვისი, რომელიც მას სჭირდება… ყველა პატიმრის ჯანმრთელობის პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი. სააკაშვილისთვის შესაბამისი სერვისის მიწოდება ხდება. იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ სერვისები, რომლებზეც სააკაშვილი თავად ამბობს უარს, არის მედიკამენტების მიღება. თუ ვინმეს გული შესტკივა სააკაშვილზე, უნდა დაითანხმოს, რომ მიიღოს სამედიცინო სერვისები”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნა მანიპულაციას წარმოადგენს.
“ტერმინი “გადაყვანაც” ვხედავთ, რომ მანიპულაციის საკითხი გახდა. ერთია, სჭირდება თუ არა მას, რაიმე დამატებითი სერვისი, რომელიც შეიძლება, მიეწოდოს მას პენიტენციური სისტემის სამედიცინო დაწესებულებაში თუ სხვა კლინიკაში, თუმცა მანიპულაცია იმაში მდგომარეობს, რომ ეგრეთ წოდებული გადაყვანა, ყველა შემთხვევაში რატომღაც განიმარტება ქვეყნის დატოვებით და სასჯელის თავის არიდებით. ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ, სინამდვილეში, საქმე გვაქვს, რამენაირად მიხეილ სააკაშვილმა სასჯელს აარიდოს თავი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.