გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი და ხათუნა კვიციანი ჩეხ კოლეგას, ირჟი დრაჰოშს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი ამილახვარი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – თამარ ტალიაშვილი და კულტურის კომიტეტის წევრი – ხათუნა კვიციანი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის განათლების, მეცნიერების, კულტურის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და პეტიციების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირჟი დრაჰოშს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს რეფორმებთან დაკავშირებული გამოცდილება გაუზიარეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„გვქონდა საინტერესო და შინაარსობრივი დისკუსია ყველა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და, რაც მთავარია, რეფორმების გამოცდილების გაზიარების კუთხით. დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს როგორც მეცნიერების და უმაღლესი განათლების, ასევე პროფესიული განათლების კუთხით რეფორმების უფრო ინტენსიურ პროცესში გადასაყვანად”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პერსპექტივები გამოიკვეთა.
„ჩეხეთი იქნება ევროკავშირის პრეზიდენტი ივლისიდან და ეს ასევე არის ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მხარდაჭერა ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, რადგან განათლება, მეცნიერება და ინოვაციები იქნება მნიშვნელოვანი საკითხი ევროკავშირის ჩეხეთის პრეზიდენტობის პერიოდში”,- აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.
ხათუნა კვიციანის განცხადებით, შეხვედრაზე კულტურის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა დაიგეგმა. „ვისაუბრეთ სახელოვნებო რეფორმასთან დაკავშირებით, ასევე არსებულ გამოწვევებზე ვიმსჯელეთ. მათ გაგვიზიარეს ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება. ასევე დავგეგმეთ კულტურის ჭრილში თანამშრომლობა”, -განაცხადა ხათუნა კვიციანმა.