ილია დარჩიაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირს დადგენილ ვადაზე ადრე გადაეცემა

კითხვარის მეორე ნაწილზე, ისევე – როგორც მის პირველ ნაწილზე, მუშაობა დასრულდება ოპერატიულად და ევროკავშირს გადაეცემა დადგენილ ვადაზე ადრე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის კითხვარის შევსება საპასუხისმგებლო და შრომატევადი პროცესი იყო, რომელშიც, პრემიერმინისტრის დავალებით,  ყველა სახელისუფლებო უწყება ჩაერთო.

„პრემიერმინისტრმა ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს გადასცა გაწევრიანებასთან დაკავშირებული თვითშეფასების კითხვარი, რაც გახლავთ მნიშვნელოვანი ეტაპი მთელი იმ პროცესის, რომელიც იმედი მაქვს, რომ საქართველოსთვის წარმატებით დაგვირგვინდება. ეს გახლდათ საპასუხისმგებლო და შრომატევადი პროცესი, რომელშიც, პრემიერმინისტრის დავალებით, ჩართული იყო ყველა სახელისუფლებო უწყება.

ჩვენ ვაგრძელებთ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას, რომელიც საკმაოდ მოცულობითი და სექტორული შინაარსის არის. კითხვარის ამ ნაწილზე, ისევე – როგორც მის პირველ ნაწილზე, მუშაობა დასრულდება ოპერატიულად და ევროკავშირს გადაეცემა დადგენილ ვადაზე ადრე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელს, კარლ ჰარცელს კითხვარის პირველი ნაწილი დღეს გადასცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები