საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს შეხვდნენ
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი, მილოშ ვისტრჩილი თანხმლებ დელეგაციასთან ერთად საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, დავით უსუფაშვილს, თეონა აქუბარდიას, გიორგი ხოჯევანიშვილს, ხატია დეკანოიძეს და ალექსანდრე რაქვიაშვილს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ჩეხეთის მიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის საკითხზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე.
„ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან და დელეგაციის წევრებთან შეხვედრიდან ნომერ პირველი კარგი ამბავი ის არის, რომ ჩეხეთი კიდევ უფრო მონდომებულია, რომ საქართველოს დაუჭიროს მხარი როგორც ევროკავშირის, ისე ნატოში ინტეგრაციის გზაზე. გარდა ამისა, დელეგაციაში არიან ბიზნესის, მეცნიერებათა აკადემიის და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლები ანუ ჩეხეთს საქართველოსთან გაცილებით მეტი და ღრმა კოოპერაცია სურს,” – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიას.
„ჩეხეთის წარმომადგენლები შფოთავენ იმის თაობაზე, ერთ სიბრტყეზე ვართ თუ არა საქართველო და ევროპის სახელმწიფოები, როცა საუბარია უკრაინისადმი მხარდაჭერაზე და რუსეთის აგრესიის შეკავებაზე. სტუმრებს ვუთხარით, რომ მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოს დასავლეთის მაღალი დონის წარმომადგენლების მეტი ყოფნა სჭირდება, რათა ჩვენმა ხალხმა დაინახოს, რომ საქართველო აღარასოდეს არ იქნება მარტო და 2008 წლის ტრაგედია აღარ განმეორდება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა: „ჩეხეთის დელეგაციასთან შეხვედრისას ჩვენ წამოვჭერით ისეთი საკითხები, როგორიც არის საქართველოში ჩრდილოვანი მმართველობა, ოლიგარქია, რომელიც დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, რაც რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მძიმდება. მე ვთხოვე ჩემს კოლეგებს, რომ ისინი ჩაერთონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებულ გამოსავლის ძებნაში და ხელისუფლებასთან აზრების გაზიარებაში.
შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ უკრაინაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს საქართველოს. ვფიქრობ, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა და საქართველოში მათი ვიზიტი, ძალიან მნიშვნელოვანია”.