მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთი უარს აცხადებს მარიუპოლიდან ევაკუაციის ყველა წინადადებაზე
რუსეთი უარს აცხადებს მარიუპოლიდან ევაკუაციის ყველა წინადადებაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპანტებისთვის ქალაქის და მისი დამცველების – „აზოვის“ პოლკის განადგურება სიმბოლურია.
„პრეზიდენტი და პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი განუწყვეტლივ მიმართავენ მსოფლიო ლიდერებს, დაგვეხმარონ დავარწმუნოთ რუსული მხარე მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის აუცილებლობაში. ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი მიმართავს პუტინს პირადი არხებით და მოუწოდებს მას გააკეთოს ეს ჰუმანიტარული მიზეზების გამო. თუმცა, სამწუხაროდ, რუსული მხრიდან არანაირი პასუხი არ არის”, – აცხადებს პოდოლიაკი.
მისი თქმით, რუსებს საუბრის ან დათმობაზე წასვლის არანაირი სურვილი არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ქარხანაში ჯერ კიდევ ასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება და ტერიტორია უკრაინის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება.