„დავბერდი“, – ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ TIME-ის ჟურნალისტს კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა ის ომის დაწყების შემდეგ.
„მე დავბერდი გონებრივად, მორალურად… ისე, მორალური თვალსაზრისით, აბსოლუტურად მტკიცე ვარ. მაგრამ დავბერდი მთელი ამ ცოდნისგან, რომელიც არასდროს მინდოდა. ეს არის ცოდნა, რომელიც უკავშირდება დაღუპული ადამიანების რაოდენობას და რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ასეთი სიბრძნე… მართალი გითხრათ, არასდროს მქონია ასეთი ცოდნის მიღწევის მიზანი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, დაკარგა თუ არა იუმორის გრძნობა, უკრაინის პრეზიდენტი პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა, არა!“.
„რა თქმა უნდა, არა! შეუძლებელია. ამის დაშვება შეუძლებელია, ეს არის გადარჩენის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ირგვლივ ყველა დეპრესიაში იგრძნობს თავს და დეპრესიის შეგრძნება არ არის კარგი გზა გამარჯვებისთვის, გამარჯვების ხასიათზე უნდა იყო. რაც არ უნდა რთული იყოს, ეს არის მიზანი, მიზანი ნამდვილად არ არის წაგება, ასე რომ თქვენ, სისუსტის ან პანიკის გუნებაზე არ უნდა იყოთ. ერთიანობა უნდა იყოს ყველაფერში – თქვენს განწყობაში, მეთოდსა და თქვენს სიტყვებში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.