დუშეთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისგან მიყენებული ზიანის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში, მიმდებარე სოფლებსა და ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსული უხვი ნალექის გამო, შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური და ადამიანური რესურსით.

მიმდინარე სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მონიტორინგს პირადად უწევენ.

“ძლიერმა წვიმამ დუშეთის მუნიციპალიტეტს გარკვეული პრობლემები შეუქმნა, მათ შორის გადაადგილებასთან დაკავშირებითაც, რადგანაც მოვარდნილი წყლის ნაკადი გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, ასევე, არის გამონატანები, რასაც მძიმე ტექნიკა წმენდს.

ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისათვის. ჩვენ მათთან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ და ინტენსიურად ვეცნობით მათ საჭიროებებს.

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან და ყველა შესაბამის უწყებასთან კოორდინირებულად ვმუშაობთ, რათა შექმნილი პრობლემები, ერთობლივი ძალებით, დროულად აღმოვფხვრათ”, – განაცხადა გიორგი ჩიფჩიურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები