“შავი ზღვის ფლოტის დანაკარგების მიუხედავად, რუსეთს უკრაინის სამიზნეების დაბომბვა შეუძლია” – ბრიტანული დაზვერვა
რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, გემების დანაკარგის მიუხედავად, უკრაინულ და სანაპირო სამიზნეებზე დარტყმების განხორციელების უნარს ინარჩუნებს.
ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ, ამჟამად, შავი ზღვის საოპერაციო ზონაში რუსეთის საზღვაო ძალების 20-მდე ხომალდი იმყოფება, მათ შორის, წყალქვეშა ნავები.
ამასთან, ბოსფორის სრუტე არათურქული ხომალდებისთვის კვლავ დახურულია, რის გამოც რუსეთი კრეისერ „მოსკვას“ ჩანაცვლებას ვერ ახერხებს.
„სადესანტო გემ “სარატოვი”-სა და კრეისერ “მოსკვას” სამარცხვინო დანაკარგის მიუხედავად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უკრაინულ და სანაპირო სამიზნეებზე თავდასხმის შესაძლებლობას ინარჩუნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.