ბალტიისპირეთიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შეხვედრებს მართავს

ბალტიისპირეთიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები და პრეზენტაციები დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ვილნიუსში ლიეტუველ ტუროპერატორებთან გამართულ შეხვედრაზე, უწყების წარმომადგენლებმა სტუმრებს აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების, ასევე საქართველოს Mice ტურიზმის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მიმდინარე წელს, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნიდან ბათუმის მიმართულებით დაგეგმილ პირდაპირ ფრენებზე ისაუბრეს.

ღონისძიებას საქართველოდან სპეციალურად შეხვედრისთვის ჩასული ქართული ტურისტული კომპანიებისა და მსხვილი სასტუმრო ქსელების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ლიეტუველ კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს.

ლიეტუვას დედაქალაქში გამართულ ღონისძიებაში საქართველოს ელჩი ლიეტუვაში სალომე შაფაქიძე და “ეარ ბალტიკის” წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ორივე ქვეყნის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს დაგეგმილ ფრენებზე, საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ესაუბრეს. საქართველოს დელეგაცია ქვეყანაში ტურისტების მოზიდვისა და საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით ბალტიისპირეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შემდეგი ვიზიტები ესტონეთსა და ლატვიაშია დაგეგმილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები