სალომე სამადაშვილი: დღეს სანქციების შესრულება არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მთავარი დაკვეთა
პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი ინტერპელაციის წესით პარლამენტში საქართველოს პრემიერმინისტრის მოწვევას ითხოვს. მისი განცხადებით, პრემიერმინისტრმა პასუხი უნდა გასცეს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიციას უკავშირდება.
„დღეს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, მათ შორის, პირველ ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მთავარი ამოცანაა სანქციების რეჟიმის დაცვა და შესრულება. თუ არ მოგისმენიათ, მსურს, შეგახსენოთ თუ რა არის დღეს დასავლეთის ამოცანა რუსეთთან მიმართებით – ეს არის არა მხოლოდ უკრაინაში მისი გამარჯვების უზრუნველყოფა, არამედ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების იმგვარი დაზიანება, რომ მათ ვეღარასოდეს ვეღარ შეძლონ სამხედრო აგრესიის განხორციელება ვერც უკრაინის და ვერც საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ შეიძლება საკუთარ თავზე არაადეკვატური წარმოდგენა გაქვთ, მაგრამ უნდა შეგახსენოთ, რომ თქვენ მიერ არც ერთ ნათქვამ სიტყვას არ უკავშირდება რუსეთის სამოქმედო გეგმა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. აი, დასავლეთის პოლიტიკის წარმატებას კი პირდაპირ უკავშირდება ჩვენი და უკრაინის მომავალიც.
ამიტომ დღეს სანქციების შესრულება, არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მთავარი დაკვეთა. ჩვენ გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებში ახალი არაფერი არ მოვისმინეთ, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის უშუალო ქვეშევრდომი მართავს დღეს ჩვენ ქვეყანას და მას პრემიერმინისტრი ჰქვია.
მაგრამ რადგან ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, ივანიშვილი დავიბაროთ პარლამენტში, ჩვენ დღეს გამოვდივართ ინიციატივით, რომ ინტერპელაციის პროცედურით, საქართველოს პარლამენტში უახლოეს დღეებში მობრძანდეს საქართველოს პრემიერმინისტრი და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, რომელიც სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიციას უკავშირდება”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.