ნიკა მაჭუტაძე – „უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდი, ეთნიკური წმენდა და საშინელი ბრუტალური, ანტიჰუმანური დანაშაულები მიმდინარეობს”
ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” წევრი, ნიკა მაჭუტაძე უკრაინაში გენოციდის აღიარების შესახებ პარლამენტის დადგენილების მიღების ინიციატივით გამოდის. აღნიშნულის შესახებ განცხადება პარლამენტის წევრმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
„საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, იმყოფებოდა უკრაინაში და თქვენ, თქვენი თვალით ნახეთ რასაც მსოფლიო უყურებს აღშფოთებული და გაგიჟებული, სადაც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდი, ეთნიკური წმენდა და საშინელი ბრუტალური, ანტიადამიანური, ანტიჰუმანური დანაშაულები მიმდინარეობს.
საქართველოს პარლამენტში ხომ არ გვეფიქრა, რომ პარლამენტს, ხელისუფლებას და რასაკვირველია უმრავლესობას, პირველ რიგში, და ჩვენც, ოპოზიციას, მიგვეღო პარლამენტის დადგენილება გენოციდის აღიარების შესახებ, რომელსაც იმპერიათა შორისი უბოროტესი ძალა უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს ახლა. ჩვენთან, საქართველოშიც ზუსტად იგივე აქვს გაკეთებული თუ უარესი არა, ლაპარაკია გაგრის და სოხუმის მოვლენებზე და საერთოდ საუბარია იმ 250 წელზე, რომლის არცერთი დღე არ ყოფილა ისეთი, როცა არ ყოფილა საქართველო-რუსეთის დაპირისპირება”, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.