გიორგი ცუცქირიძე: “ნაციონალების” უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, ძლივს დამთბარი ქართულ-უკრაინული ურთიერთობები, კვლავ საეჭვოდ დაიძაბა

“ნაციონალების” უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, ძლივს დამთბარი ქართულ-უკრაინული ურთიერთობები, კვლავ საეჭვოდ დაიძაბა. ამჯერადაც ამ თემაზე კომენტარები ბატონმა არახამიამ გააკეთა, – ამის შესახებ ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

“გარდა იმისა, რომ ქართული დელეგაციის უკრაინაში ვიზიტზე, ვფიქრობ, პოლიტიკოსისათვის აშკარად მიუღებელი და არაკეთილმეგობრული განცხადება გააკეთა, საქართველოს მიმართ კვლავ გააჟღერა სანქციების არ დაწესების თემა, თითქოსდა რუსული ბიზნესის ხელშეწყობა გრძელდება, რაც ევროპული გზიდან გადახვევადაც შეაფასა.

რადგან სანქციების დაწესება-არდაწესების საკითხი კვლავ აქტუალურად რჩება, და არ ჩამოდის ოპოზიციური მედიის დღის წესრიგიდან და სპეკულირების საგნადაც არის ქცეული, ამ საკითხს სხვა დროსაც შევეხე და კვლავ მსურს მცირე კომენტარების გაკეთება.

დავიწყებ იქიდან, რომ 24 თებერვლიდან მოყოლებული უკვე ძალაშია შესული სანქციების მე-5 პაკეტი, ევროკავშირი ამზადებს სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც ნედლი ნავთობის იმპორტის აკრძალვას შეეხება.

დაწესებული სანქციების მთავარი მიზანი რუსეთის ეკონომიკის იმ დონეზე დასუსტებაა, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს საგარეო ვაჭრობიდან მიღებული თანხებით შეიარაღების წარმოება და საომარი მოქმედებების დაფინანსება. ამასთან, დღემდე არც ევროპის ქვეყნებს და არც აშშ-ს სრულად არ შეუზღუდავს რუსეთის მოქალაქეებისთვის მიმოსვლა და არ დაუწესებია მათთვის ფინანსური აკრძალვები. წამყვანი უცხოური ტრანსეროვნული კომპანიების ნაწილმა კი განაცხადა რუსული ბაზრის დატოვების შესახებ, და დახურა თავისი ოფისები და სავაჭრო ქსელები, თუმცა ბოლო ინფორმაციითაც ჯერ კიდევ დაახლოებით 180 000 ადამიანია რუსეთში დასაქმებული ანუ არ შეუწყვიტავთ მათთვის ხელფასების გაცემა და შესაბამისად, რუსეთის ბიუჯეტის დაფინანსებაც.

ამჟამინდელი სანქციები, რომელიც ძირითადად დიდი შვიდეული ქვეყნებმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, და კანადამ დაუწესა, პუტინის კურსის მხარდამჭერ რუსულ პოლიტიკურ ელიტას, დიპკორპუსს და რუს ოლიგარქებს შეეხო. ამასთან, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები პერსონალურ სანქციებთან ერთად, რაც სანქცირებას დაქვემდაბარებული პირების უცხოური ქონების და აქტივების დაყადაღებას ითვალისწინებს, არ შეხებია ინდივიდუალურ პირებს და კერძო კომპანიებს, როგორც წესი მცირე მეწარმეებს, მათ დღესაც არავინ უზღუდავს 100 ათას ევროზე ნაკლები თანხის ინვესტირების განხორციელებას რუსეთის ფარგლებს გარეთ.

აქედან გამომდინარე, ბატონი არახამიას პრეტენეზიები არა თუ უსაფუძვლოა, არამედ სამწუხაროდ პოლიტიკურადაც მოტივირებულია. რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა და მათ მიერ მცირე ბიზნესსაწარმოების დაფუძნებაზე განაცხადის გაკეთება, თუნდაც ეს ასობით ბიზნესსუბიექტის დარეგისტრირება იყოს, გაუგებარია ცალსახად სანქციების დარღვევად და ევროპული გზიდან გადახვევად რატომ უნდა შეფასდეს. ერთადერთი საფრთხე შეიძლება იყოს, რუსეთში ნაწარმოები პროდუქციის აქ ე.წ გადაფუთვა და ისე გატანა ექსპორტზე ანუ რეალურად რუსეთის მოქალაქეების და ბიუჯეტის დაფინანსება, რისი მაგალითიც არ დაფიქსირებულა, თორემ თუ ისინი აქ შექმნიან სამუშაო ადგილებს და პროქდუქციასაც ქართული მარკით შექმნიან, ექსპორტზე ყველგან შეუძლიათ გაიტანონ, რუსეთში კი რაც აკრძალული არ არის.

კიდევ უფრო გაუგებარია, აქ თუ უგულისხმება ქართული ღვინის და აგროპროდუქციის ექსპორტი, რადგან აგრო და საკვები პროდუქტის რუსეთში შეტანა დღემდე არცერთ სახელმწიფოს არ აუკრძალავს, თუმცა არიან კომპანიები, რომლებმაც თავად გადაწყვიტეს რუსული ბაზრის დატოვება, რაც დაკავშირებულია რუბლში ანგარიშსწორების სირთულეებთან და რუსული ბაზრის არაპროგნოზირებულობასთან. მაგალითისათვის, ჩვენთან “თბილღვინო” ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც თავად თქვა უარი რუსულ ბაზარზე პროდუქციის შეტანისაგან.

ბუნებრივია, სანქციები შეეხო იმპორტის ნაწილს და რუსეთში ევროპული და ამერიკული პროდუქციიდან ძირითადად აკრძალვას ქიმიური ნაწარმი, საწარმოო რობოტები, და მაღალტექნოლოგიური პროდუქტები, ტექნიკა და საწვავი ექვემდებარება, ანუ საქონელი, რომელიც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის პოტენციალის გაზრდას შეიძლება მოხმარდეს, ხოლო საქართველოდან ამ ტიპის პროდუქცია რუსეთის უკრაინაში ინტერვენციამდე ისედაც არ შედიოდა.

რაც შეეხება ენერგეტიკას, დღეს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ის ნაწილია რუსული კომპანიების მართვის ქვეშ ან მათ საკუთრებაში, ენერგო ობიექტები, მადნეულის მომპოვებელ-გადამამუშავებელი საწარმოები თუ ინდუსტრიული საწარმოების ნაწილი, რომლებიც სწორედ ნაციონალების მმართველობისას, მათ შორის 2008 წლის ომის შემდეგ გადაეცათ რუსულ, მათ შორის სახელმწიფო კომპანიებს?!.

საქართველო რუსეთიდან ძირიტადად რა სახის იმპორტსაც ახორციელებს: ხორბალი, ზეთი, რძის ნაწარმი, არსად აკრძალული არ არის, ხოლო თუ ნავთობპროდუქტებზე და, გაზზეა მინიშნება, ჯერ ერთი მათი შემოტანა მხოლოდ რუსეთიდან არ ხდება, და მეორეც, ევროკავშირი დღემდეა რუსულ გაზზე და ნავთობროდუქტებზე დამოკიდებული, და კიდევ გაურკვეველია რა დრო დასჭირდება რუსული იმპორტის ჩანაცვლებას, მიუხედავად რამდენიმე ქვეყნის მხრიდან, იგულისხმება აშშ, კანადა, ინგლისი და ავსტრია ემბარგოს დაწესებისა.

თუ ვის აწყობს დღეს საქართველო-უკრაინას შორის დაძაბულობის შემოტანა, ეს რუსეთია და უკრაინის მარალჩინოსნებსაც, მიუხედავად მათი პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიისა, არ აწყენდათ ამ რეალობის კარგად გააზრება.

“ნაციონალებს” რაც შეეხება, სწორედ მათზეა ნათქვამი – “კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს” …

დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, მშვიდობას და გამძლეობას გისურვებთ!” – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები