“ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული შეზღუდული შერაცხადია” – ექსპერტიზის დასკვნა
ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული, გოგა გზირიშვილი შეზღუდული შერაცხადია – ამის შესახებ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაშია ნათქვამი, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ ასაჯაროებს. დასკვნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერაა გაცემული.
დოკუმენტის თანახმად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში საკუთარ ქცევას სრულად ვერ აკონტროლებდა.
გოგა გზირიშვილის ადვოკატის, მევლუდ ჯანჯღავას განცხადებით, აღნიშნული დასკვნა ბრალდებულს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.
„შეზღუდული შერაცხადი არის ადამიანი, რომელიც დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას არ იყო იმ მდგომარეობაში, რომ დანაშაული ვერ გაეცნობიერებინა, მაგრამ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის იმ სტანდარტზე, რაზეც ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკაა, თუმცა ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება“, – აცხადებს ჯანჯღავა.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გასული წლის 22 დეკემბერს, თბილისში მოხდა. ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს, ქეთა კეპულაძეს სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. ორსული ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.