საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მორფოლოგიის ინსტიტუტს ახალი სამეცნიერო სივრცე ექნება
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში პირველად თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო და სამეცნიერო სივრცე ექნებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო თსუ ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტში სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. ინფრასტრუქტურული პროექტი შენობის სრულ რეაბილიტაციასა და აღჭურვას, ასევე, ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფასადის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.
მასშტაბურ სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორ ლევან სუხიტაშვილთან, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკან, პროფესორ დიმიტრი კორძაიასთან და ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად, პირადად გაეცნო.
როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, ბიოსამედიცინო მეცნიერების ხელშეწყობის მიზნით სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს. მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სამეცნიერო ინსტიტუტების თანამედროვე ინვენტარით უზრუნველყოფა, რაც სტუდენტებს, მკვლევრებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში დაეხმარება.
„სახელმწიფოს მხრიდან ექსპერიმენტული დარგების ხელშეწყობა ბიომედიცინის ფუნდამენტური მეცნიერებების კლასტერული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. განახლებული და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამეცნიერო სივრცე სტუდენტებს რეალურ ექსპერიმენტებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს, მკვლევრებსა და პროფესორ-მასწავლებლებს კი საერთაშორისო პროექტებში თანამშრომლობის შესაძლებლობა გაეზრდებათ“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით სარეაბილიტაციო სამუშაოები 1.1 ჰექტარზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოიცავს როგორც ვივარიუმისა და გერონტოლოგიის კორპუსების სრულ რეაბილიტაციას, ასევე მთელ ტერიტორიაზე არქიტექტურულ და საინჟინრო სამუშაოებს.
სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, გათვალისწინებულია ინსტიტუტის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. პროექტის ღირებულება 3 521 000 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2023 წელს იგეგმება.