მედია – “ლუკოილის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს”
რუსული ნავთობკომპანია “ლუკოილის” ხელმძღვანელი, ვაგიტ ალეკპეროვი თანამდებობას და კომპანიის დირექტორთა საბჭოს ტოვებს.
ამის შესახებ ინფორმაციას “ტას” და “ინტერფაქსი” ავრცელებენ.
მათი ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისთვის უკვე გადაგზავნილია.
სააგენტოები აზუსტებენ, რომ ალეკპეროვი არ იყო მაკონტროლებელი აქციონერი, 31 მარტის მდგომარეობით, მას აქციების მხოლოდ 3,12% ჰქონდა, ფონდებისა და ტრასტების მეშვეობით, მის მფლობელობაში 5,43% იყო.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, 13 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა სანქციათა სიაში, მათ შორის, ვაგიტ ალეკპეროვიც შეიყვანა, ასევე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მასში 206 ფიზიკური პირი და ორგანიზაცია შეიყვანა.
ვაგიტ ალეკპეროვი “ლუკოილს” 1993 წლიდან ხელმძღვანელობს.
მარტის დასაწყისში კომპანიის დირექტორთა საბჭო უკრაინაში “შეიარაღებული კონფლიქტის უსწრაფესი შეწყვეტის” მოწოდებით გამოვიდა.