ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი „პატიმრობის კოდექსსა” და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში” შესატან ცვლილებებზე მუშაობს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პატიმრობის კოდექსსა” და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში” შესატან ცვლილებაზე იმსჯელა, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე მზადდება.
პარლამენტის ინფორმაციით, სახალხო დამცველს მიზანშეწონილად მიაჩნია, „პატიმრობის კოდექსში” პირდაპირ იყოს მითითებული, რომ ბრალდებულებს, რომელთა მიმართაც გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით შეზღუდულია სატელეფონო საუბრის უფლება, აღნიშნული შეზღუდვის ფარგლებში, ჰქონდეთ ადვოკატთან სატელეფონო საუბრის უფლება.
კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახალხო დამცველის მიერ კომიტეტისათვის შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადება არ იქნა გაზიარებული, რადგან ვერ აზღვევდა რისკებს უფლების ბოროტად და არაკეთილსინდისიერად გამოყენებასთან დაკავშირებით. „ჩვენ წინა კომიტეტის სხდომაზე, მიუხედავად პრინციპული თანაზიარობისა და ერთ პოზიციაზე ყოფნისა, ფორმალურ მიზეზთა გამო, ვერ გავიზიარეთ სახალხო დამცველის მართებული ინიციატივა.
ჩვენი შემოთავაზებაა: სატელეფონო კომუნიკაციის უფლებაშეზღუდული პატიმარი დაუკავშირდეს პენიტენციური დაწესებულების შესაბამის თანამშრომელს, რომელსაც გაუჩნდება კონკრეტული იურიდიული მოვალეობა, უმოკლეს დროში შეატყობინოს ადვოკატს, რომ მოინახულოს (რა უფლებაც ისედაც გარანტირებულია) საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი პატიმარი, რომელსაც სურვილი აქვს, ჰქონდეს კომუნიკაცია საკუთარ ადვოკატთან”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, კანონპროექტის განხილვის პროცესშიც იქნება ცალკეულ რეგულაციებზე დისკუსიისა და უფრო დაწვრილებით მსჯელობის შესაძლებლობა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, კანონპროექტის ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი იქნება, რასაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა.