30 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულ დეტექტივს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ დეტექტივს, ერიკ წურწუმიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„საქმეზე ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის, თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე მისულებს დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მასთან მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იგი იყო დაკავებული. მამაკაცმა მიწიდან ამოღებული ნივთი გადაყლაპა და გაქცევა დააპირა, პოლიციელმა სცადა მისი დაკავება და შებოჭვა, რა დროსაც, საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით განახორციელა გასროლა, რასაც მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს, თბილისში, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის შესახებ მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შესაძლო დანაშაულის ადგილას მისულმა სამართალდამცველმა 30 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები