ცუცქირიძე: შიშები, რომ რუსეთის და უკრაინის ბაზრები ჩაიკეტებოდა და პრობლემები გვექნებოდა, არ გამართლდა, ჩვენი ეკონომიკა ალტერნატიულ ბაზრებზე გადაეწყო

ჩვენი ეკონომიკა ალტერნატიულ ბაზრებზე ძალიან სწრაფად გადაეწყო, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცუცქირიძემ უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ჩვენი საექსპორტო პროდუქცია შედარებით კონკურენტუნარიანია, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა, ექსპორტის დივერსიფიკაცია და ეკონომიკის გადაწყობა მოეხდინა.

„ვსაუბრობთ თემაზე, თუ როგორ აისახება რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონზე, ჩვენს ეკონომიკაზე. ეს გავლენა მარტში გამოჩნდებოდა, იანვარ-თებერვლის მონაცემზე კი ნაკლებად აისახა, რადგან რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში თებერვლის ბოლოს დაიწყო. მარტში უკვე შეგვიძლია, შევაფასოთ ის, თუ როგორია ჩვენი ექსპორტის დინამიკა, რადგან რუსეთიც და უკრაინაც ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან, როგორც საექსპორტო პროდუქციის გატანის, ასევე, იმპორტის თვალსაზრისითაც. ძალიან საინტერესო სურათია ექსპორტზე. რას აჩვენებს მარტის მონაცემები: ომის ზეგავლენა ჩვენს ექსპორტზე მოსალოდნელი იყო. მაგალითად, რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 2,8 %-ითაა გაზრდილი, უკრაინაში ზრდა, ფაქტობრივად, განულებულია. ეს ჩვენი ორი წამყვანი საექსპორტო ბაზარია, სადაც, ძირითადად, ჩვენი ღვინო, აგროპროდუქცია, მინერალური, ნატურალური წყლები გადიოდა. რუსეთის და უკრაინის ბაზრებზე ჩვენი პროდუქციის ექსპორტი რომ შემცირდა, მაშინ მარტში ადგილობრივი ექსპორტი რამ გაზარდა? ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, დაახლოებით, 39 %. გაზარდა იმან, რომ ჩვენი ეკონომიკა ალტერნატიულ ბაზრებზე ძალიან სწრაფად გადაეწყო. შედარებისთვის რომ ავიღოთ. რუსეთში ექსპორტის მიზერული ზრდაა, რაც მოსალოდნელიც იყო, იგივე უკრაინაშიც, რადგან უკრაინის პორტები, ფაქტობრივად, ჩაკეტილია, ლოჯისტიკა გაჩერებულია. სარეკორდოდაა გაზრდილი ჩვენი პროდუქცია აშშ-სა და ჩინეთში, ექსპორტზე მაქვს საუბარი. ჩინეთში 100 %-ზე მეტადაა გაზრდილი, ამერიკაში კიდევ უფრო მაღალია – 173 %, ასევე, გაზრდილია შვეიცარიაში, ბულგარეთში, ევროკავშირის ქვეყნებში, რეგიონის ყველა ქვეყანაში: აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში. ზრდა მცირე არ არის, საშუალოდ 30-40 %-ია. ეს აჩვენებს იმას, რომ, მიუხედავად ომის ნეგატიური ზეგავლენისა, ჩვენი საექსპორტო პროდუქცია შედარებით კონკურენტუნარიანია, რამაც საშუალება მოგვცა, ექსპორტის დივერსიფიკაცია და ეკონომიკის გადაწყობაც მოგვეხდინა. ბევრი კითხულობს, ეს რისი დამსახურებააო? ეს, პირველ ყოვლისა, იმ სამთავრობო პროგრამების დამსახურებაა, რომელიც ბოლო წლებია ადგილობრივი ექსპორტის მხარდასაჭერად ხორციელდება. წმინდა ექსპორტი დაახლოებით 8 %-ითაა გაზრდილი, რამაც სავაჭრო დეფიციტი ბოლო წლებში, პირველად ისტორიაში, 37 %-მდე შეამცირა. 40 %-ზე ნაკლები არასდროს ყოფილა. ეს ფაქტორი მაკროეკონომიკური წონასწორობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წმინდა ექსპორტის ზრდა, ანუ სავაჭრო დეფიციტის გაუმჯობესება ლარის კურსზე აისახება კიდეც. როცა საუბარია ლარის კურსის შედარებით გამყარებაზე, ეს ფაქტორიც მოქმედებს: უფრო მეტი ვალუტა შემოდის, ვიდრე გარეთ გადის“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, შიშები, რომ რუსეთის და უკრაინის ბაზრები ჩაიკეტებოდა და სერიოზული პრობლემები გვექნებოდა, ფაქტობრივად, არ გამართლდა.

„არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, საექსპორტო ბაზრები მომავალში კიდევ უფრო დივერსიფიცირებული გავხადოთ. გეოგრაფიული თვალსაზრისით რომ ავიღოთ: მაგალითად, პერუ, სამხრეთ ამერიკის ქვეყანაა, სადაც ჩვენი ექსპორტის მოცულობა სარეკორდოდაა გაზრდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ გეოგრაფიული არეალი, დივერსიფიკაცია ამ კუთხითაა საინტერესო, რომ ჩვენ ეკონომიკა გადავაწყვეთ არა მხოლოდ ევროპის ბაზრებისკენ, არამედ ჩინეთისკენ, ასევე ჩვენი პროდუქცია შესვლას იწყებს ისეთ გლობალურ ბაზარზე, როგორიც სამხრეთ ამერიკის ბაზარია. ძირითადად, დღეს ჩვენ ვაწარმოებთ ყველა იმ პროდუქციას, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზეა მოთხოვნადი. ეს ეხება ღვინოს, მინერალურ წყლებს, აგროპროდუქციას.
მთავრობამ თვითკმარი ეკონომიკისკენ გადადგა ნაბიჯები, თვითკმარი ეკონომიკა ადგილობრივი მწარმოებლის სტიმულირებას გულისხმობს. მაგალითად, იგივე „აწარმოე საქართველოში“, „ დანერგე მომავალი“ , სოფლის მეურნეობების სპეციალური პროგრამები. ჩვენ შეგვიძლია, საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტი კიდევ უფრო გავაფართოოთ და, ბუნებრივია, ბაზრების გეოგრაფიული არეალიც გავზარდოთ.
შიშები, რომ რუსეთის და უკრაინის ბაზრები ჩაიკეტებოდა და სერიოზული პრობლემები გვექნებოდა, ფაქტობრივად, არ გამართლდა. ბუნებრივია, გარკვეულ შემოსავლებს დავკარგავთ, მაგრამ მთავრობის წინაშე მდგომი ამოცანა იყო, ეკონომიკის გადაწყობა მოეხდინა. მთავრობა ადგილობრივ ბიზნესს ეხმარება, რომ მათ ეკონომიკური აქტივობა არ დაკარგონ. ბიზნესი დიდი მარკეტინგული ხარჯების გამო, დამოუკიდებლად ალტერნატიულ ბაზრებზე ვერ შევა. მთავრობის როლი ისაა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს, საექსპორტო ორიენტაციის დარგებს ტურისტული, საექსპორტო გამოფენებით შეუწყოს ხელი, რათა ჩვენი პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 171.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 43.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 75.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 46.6 პროცენტით გაიზარდა და 885.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები