პაატა მანჯგალაძე: 5 ნომრის ქვეშ გაერთიანების მომხრე არ ვართ
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გეგმაზე ციხეში პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო, “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან რაიმე სახის კონსულტაცია არ ყოფილა.
პაატა მანჯგალაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” საფარქვეშ გაერთიანებას არ აპირებენ.
„რაც შეეხება სააკაშვილის შეთავაზებას და გადაწყვეტილებას, ძალიან ცუდია, თუ საერთო ფრონტზე საუბრობს ვინმე და ამას აკეთებს კონსულტაციის გარეშე. ჩვენ არანაირი კონსულტაცია არ გვქონია. გაერთიანების მომხრე ერთ პარტიაში და 5 ნომრის გარშემო არ ვართ. ეს არის „ქართული ოცნების“ ინტერესი, რომ ყველას დაარქვას „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიებს შორის განსხვავებები გააქროს. ამ თამაშში ჩვენ ვერავის ვერ ავყვებით, მაგრამ კოორდინაცია რომ არის საჭირო ოპოზიციას შორის, ეს ფაქტია და ჩვენ ამ კოორდინაციას მივესალმებით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.