18 აპრილს, მსოფლიო მემკვიდრეობის დღესთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალის „FinEdu“ რუბრიკაში „ექსპერტი ფინედუზე“ დაცული ტერიტორიების მიერ შექმნილ ეკონომიკურ სარგებელზე ისაუბრა

ონლაინ ღონისძიებაზე, თამარ ხახიშვილიმა ყურადღება გაამახვილა დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული სერვისებისა და პროდუქტების განვითარების საკითხებზე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობ მიმართულებებზე, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო UNESCO-ს მიერ კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების ბუნებრივ მემკვიდრეობად აღიარების საკითხს და მის მნიშვნელობას.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, მარტვილის კანიონი ევროპის საბჭოს ლანდშაფტების კონვენციის კონკურსის გამარჯვებული გახდა, როგორც მაგალითი ლანდშაფტების აღდგენის და კონსერვაციის მიმართულებით, მათ შორის, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდაში შეტანილი წვლილით და მოსახლეობის ჩართულობით კანიონის განვითარებით მიღებულ შედეგებში.

2017 წელს ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის მიხედვით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, ყაზბეგის ეროვნული პარკი და მტირალას ეროვნული პარკი, დაცული ტერიტორიების მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავალი 90 მილიონი ლარი იყო.

დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების შედეგად, მიმდებარედ გაჩნდა საოჯახო სასტუმროები, რესტორნები, გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის პოპულარიზაციის მიმართულებასა და ისეთი ინიციატივების შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას დაცული ტერიტორიების განვითარების საკითხებში. FinEdu საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით შექმნილი პირველი ქართული საგანმანათლებლო ვებპორტალია, რომელიც სრულად ფინანსურ განათლებას ეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები