პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე რიგის დაჯავშნა სავალდებულო იქნება – რა ცვლილებები იგეგმება მართვის მოწმობის აღების პროცედურაში
“საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ”B” და “BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად, სავალდებულო იქნება პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე რიგის დაჯავშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მძღოლობის კანდიდატს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა თეორიული გამოცდა, უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე გავიდეს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან, 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი დაჯავშნის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელ რიგს.
მას უფლება ეძლევა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 1 წლის განმავლობაში. მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატი მომდევნო გამოცდაზე დაიშვება არაუადრეს 30 დღის ინტერვალით.
ამასთან გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატი, რომელიც 2022 წლის 25 აპრილამდე წარმატებით ჩააბარებს თეორიულ გამოცდას, სატრანპოსრტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭება 2022 წლის 25 აპრილამდე არსებული წესით.