ნინო წილოსანი: სტამბოლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვისა და მათი აღსრულების ეფექტიანობისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში მომზადდება

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ მოისმინა თემატური მოკვლევის ანგარიში თემაზე – „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვის და მათი აღსრულების ეფექტიანობა”.

პარლამენტის ინფორმაციით, თემატური მოკვლევის ანგარიშში თავმოყრილი და გაანალიზებულია ინფორმაცია გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების, ასევე, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და საგანმანათლებლო პროგრამების მიწოდების შესახებ.

ანგარიში მოიცავს 40-მდე რეკომენდაციას, რომელთა შესრულება ხელს შეუწყობს ქალებისა და გოგონების ძალადობისგან დაცვას და სახელმწიფო პოლიტიკის აღსრულების ეფექტიანობის გაზრდას. რეკომენდაციები გაცემულია: საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გენერალურ პროკურატურის, უზენაეს სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს სკოლის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართ.

„სტამბოლის კონვენციის აღსრულების მონიტორიგისას, სამუშაო ჯგუფმა თითქმის ყველა მიმართულებით საჭიროებები დაადგინა, რომელიც, ერთი მხრივ, საკანონმდებლო ცვლილებებში, ხოლო და მეორე მხრივ, აღსრულებაში უნდა აისახოს. გაცემულია რეკომენდაციები მთავრობისა და სამინისტროების მიმართ. ვფიქრობთ, რომ ამ რეკომენდაციების საფუძველზე განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებები თავად საბჭოს ფარგლებში მომზადდეს”, – განაცხადა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ და თემატური ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, ნინო წილოსანმა.

დღევანდელ სხდომაზე, საბჭო ალიმენტის განსაზღვრისა და აღსრულების საკითხთან დაკავშირებით ასოციაცია „საფარის” წარმომადგენლების კვლევასაც გაეცნო. მსჯელობა გაიმართა კვლევაში მოყვანილი პრობლემების გადაჭრის გზებზე. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ თემებზე დისკუსია საბჭოს ფარგლებში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები