ბადრი ჯაფარიძე – “ფულის გათეთრების” საქმეზე: ერთადერთი სწორი გზა არის, გაუქმდეს საქალაქო სასამართლოს აბსურდული გადაწყვეტილება
ერთადერთი სწორი გზა ახლა არის ის, რომ გაუქმდეს აბსურდული გადაწყვეტილება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოსამართლე არევაძეს დაუწერა, – ამის შესახებ ე.წ. “ფულის გათეთრების” საქმეზე მსჯავრდებულმა და “ლელოს” ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯაფარიძის თქმით, მათი პოლიტიკური დევნა მთელი დასავლური სამყაროს განხილვის საგანი გახდა, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც აისახა.
„კლანის მიერ კონტროლირებად სასამართლოს პირობებში მოლოდინი ყოველთვის ცუდია, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს იმასთან, რომ ჩვენი პოლიტიკური დევნა გახდა მთელი დასავლური სამყაროს განხილვის საგანი. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ იქნა წარმოდგენილი, ჩემი, მამუკა ხაზარაძის და ავთო წერეთლის მიმართ სასამართლო დევნა, როგორც პოლიტიკური დევნის გამოკვეთილი შემთხვევა. ამიტომ ერთადერთი სწორი გზა ახლა არის ის, რომ გაუქმდეს აბსურდული გადაწყვეტილება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოსამართლე არევაძეს დაუწერა. ხანდაზმული მუხლით რაღაც უპრეცედენტო გადაწყვეტილების მსგავს გადაწყვეტილებაზე უკვე არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც გააუქმა ანალოგიური გადაწყვეტილება. იქამდე რომ არ მივიდეს საქმე, ახლაა შანსი, რომ სააპელაციო სასამართლომ გააუქმოს „ქართული ოცნების“ მიერ დაწერილი გადაწყვეტილება“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.