სააპელაციო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესი მიმდინარეობს

სააპელაციო საჩივარი წარდგენილია, როგორც პროკურატურის, ასევე, ჩვენ მიერ, – ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მსჯავრდებულების მხრიდან არც “ფულის გათეთრების” ჩადენის ფაქტი დადასტურებულა და არც თაღლითობის.

„სააპელაციო საჩივარი წარდგენილია, როგორც პროკურატურის, ასევე, ჩვენ მიერ. 3 წლის წინ, როცა ეს საქმე დაიწყო, ვაცხადებდით, რომ არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონდა და ეს სასამართლო განაჩენით დამტკიცდა. არავითარ თაღლითობას, მითუმეტეს, ხანდაზმულს აქ ადგილი არ აქვს და თუ ამის დამტკიცება შიდა ინსტანციების სასამართლოში ვერ მოხდება, სტრასბურგისთვის ცალსახა საქმეა მარტივი მიზეზის გამო, ბრალიც არ არსებობდა, ამ საქმეში დაზარალებული არ არის და ფულის გათეთრებიდან თაღლითობაზე გადაკვალიფიცირება მხოლოდ იმის გამო მოხდა, სახე შეენარჩუნებინათ პროკურატურისთვის, რომ 3 წლის განმავლობაში საერთოდ ტყუილ ბრალდებაზე არ ჰქონოდათ აქცენტი გაკეთებული”,- განაცხადა კორძაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 იანვარს „თიბისი ბანკისს“ დამფუძნებლებს და ახლა უკვე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამას, ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების საქმეზე წაყენებული ბრალი თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და 7-7 წლით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ისინი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები