ლევან დავითაშვილი – „აზერბაიჯანულ მხარესთან განვიხილეთ ისეთი პროექტები, რომლებიც ორივე ქვეყანას ხელს შეუწყობს ეკონომიკური პოტენციალის მეტად გამოყენებასა და ეკონომიკურ ზრდაში”

„აზერბაიჯანულ მხარესთან გამართულ შეხვედრებზე ხაზი გავუსვით ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ თანამშრომლობას, ისტორიულ კავშირებს, ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრესზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, აზერბაიჯანისთვისაც, რომ საქართველოს მეშვეობით ევროპის ძალიან დიდ ბაზარზე ჰქონდეს წვდომა”, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ბაქოში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.

ვიცეპრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირები და ურთიერთობები, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

„აქ არ ვსაუბრობთ მხოლოდ კონკრეტულ სტრატეგიულ მიმართულებებზე, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, სადაც ჩვენს ქვეყნებს აქვთ უკვე მჭიდრო თანამშრომლობის დიდი გამოცდილება, არამედ ვისაუბრეთ ისეთ ახალ მიმართულებებზე, როგორიც არის, მათ შორის, ციფრული ტრანსფორმაცია, ასევე ტურიზმის სექტორში თანამშრომლობა, მეტი ინვესტიციები ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, ერთობლივი ტურისტული პროექტების განხორციელება და რეგიონის წარმოჩენა საერთაშორისო მასშტაბით მსოფლიო რუკაზე” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა თავიანთი ეკონომიკური პოტენციალი მეტად გამოიყენონ და ეკონომიკურ ზრდას ორივე ქვეყანაში ამ პროექტებმა შეუწყოს ხელი.

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – გურამ გურამიშვილი და რომეო მიქაუტაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იოსებ ტყემალაძე, სს „საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და „ნავთობისა და გაზის კორპორაციის” გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე ქართულმა დელეგაციამ, ვიცეპრემიერის ხელმძღვანელობით, მაღალი რანგის შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის ხელისუფლების პირველ პირებთან, სადაც ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავებისა და სხვადასხვა სექტორების კუთხით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ბაქოში გამართულ შეხვედრებში, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ასევე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში – ზურაბ პატარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები