საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში დღეს მიემგზავრება. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ვიზიტის ფარგლებში არის ის, რომ “ჩვენს მეგობრებს და უკრაინელ ხალხს ჩვენს მხარდაჭერას დავუფიქსირებთ”.
„საპარლამენტო დელეგაციას უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. მასში ასევე იქნებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიემგზავრება უკრაინაში, ჩვენს მეგობრებს და უკრაინელ ხალხს ჩვენს მხარდაჭერას დავუფიქსირებთ. ამ რთულ ვითარებაში უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ. მერწმუნეთ, ვინმეს ნაკლებად აინტერესებს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ერთი ადამიანით მეტია თუ ნაკლები ამ დელეგაციაში. თემა ეხება საქართველოს და ორი ქვეყნის ურთიერთობებს. ამიტომ, არ ვიცი, ოპოზიციას რა აინტერესებს და რა შეგრძნებები ჰქონდათ, ეს არის მეათე ხარისხოვანი. ქვეყანა საომარ ვითარებაშია, ეს არ იქნება ჩვეულებრივი საპარლამენტო ვიზიტი, რომ მთელი დღე შეხვედრებს დაეთმოს, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგება და ჩვენს პოლიტიკურ მხარდაჭერას დავაფიქსირებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.