„კოლხური ბზა უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაშია, გადაშენების პირასაა, ერთად გადავარჩინოთ ის ვანდალიზმისგან“ – მაია ჩხობაძე

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა მაია ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აკრძალულია ბზის მოჭრა, ამოძირკვა, ტოტების დაზიანება. ჩხობაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამართალდარღვევის 2 ფაქტია გამოვლენილი.

როგორც ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა განმარტა, კოლხური ბზა უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაშია, გადაშენების პირასაა.

„ბზობის დღესასწაული ახლოვდება. შესაბამისად, წითელი ნუსხით დაცული სახეობის, კოლხური ბზის უკანონო მოპოვების, დაზიანების და ამოძირკვის ფაქტების რისკი იმატებს. აღნიშნული სამართალდარღვევების პრევენციის და აღკვეთის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 24 -საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებს. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, დარღვევის უკვე 2 ფაქტია გამოვლენილი, ერთი სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტია, მეორე კი ადმინისტრაციული დარღვევის. ვისურვებდი, რომ ეს ამ წლის განმავლობაში უკანასკნელი იყოს, ვინაიდან კოლხური ბზა უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაშია, გადაშენების პირასაა. ყველას მოგეხსენებათ, რომ 2013 წლიდან გავრცელებულმა დაავადებამ კოლხური ბზა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო. სოკოვანი დაავადება გავრცელდა და კორომები გადაახმო. მას სჭირდება გადარჩენა და არა ვანდალიზმი, უკანონოდ მოპოვება, მოჭრა და ამოძირკვა. შესაბამისად, დეპარტამენტი ნებისმიერი სამართლადარღვევის ფაქტზე უმკაცრეს ზომებს გაატარებს.

კოლხური ბზა 600 წელს ცოცხლობს. ეს სახეობა გამყინვარების პერიოდს გადაურჩა. რელიქტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ძველია“ – განაცხადა მაია ჩხობაძემ.

მისივე თქმით, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, სამართალდამრღვევი პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება.

„ჯარიმები საკმაოდ მაღლია. საჯარიმო სანქცია 500 ლარიდან იწყება და 1000 ლარამდეა. თუ ფაქტი დაცულ ტერიტორიაზე დაფიქსირდება, ჯარიმა 1500 ლარია და ამას ზედ გარემოსთვის მიყენებული ზიანი ემატება, რომელიც მოჭრილი ბზის შემთხვევაში თითოეული ტოტის მიხედვით ანგარიშდება, მთლიანად ამოძირკვულ მცენარეზე კიდევ სხვაგვარად დაითვლება. თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. მოგიწოდებთ, გავუფრთხილდეთ ჩვენს უნიკალურ, რელიქტურ, ენდემურ კოლხურ ბზას. ერთად გადავარჩინოთ ვანდალიზმისგან , ან უკანონო მოპოვებისგან. საქართველოში თოთო-ოროლა კორომია შემორჩენილი და ამ სახეობას მივცეთ საშუალება, სრულად არ გადაშენდეს. ჩვენი მცენარეული საფარისთვის, ჩვენი ფლორისთვის კოლხური ბზა უმნიშვნელოვანესი მცენარეა . მას შენარჩუნება სჭირდება.

ლოგიკური კითხვაა, როგორ უნდა მოვიპოვოთ ბზა. ამისთვის სანერგეები, პლანტაციური მეურნეობები არსებობს. საბედნიეროდ, მოქალაქეებმა მოახერხეს და კერძო საკუთრების ნაკვეთებზე კოლხური ბზა გაახარეს. ის კალმით მრავლდება, ასეთ შემთხვევაში კანონიერად მოპოვებულია. კანონიერად მოპოვება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ადგილწარმოშობის ცნობით უნდა დასტურდებოდეს. ასევე სასურველია, ბზა ქოთნებით შევიძინოთ. ისეც სანერგე მეურნეობაშია გამოყვანილი“ – განაცხადა მაია ჩხობაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები