ლე პენი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს “გენოციდად” არ აფასებს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, “ეროვნული გაერთიანების” ლიდერი, მარინ ლე პენი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს “გენოციდად” არ აფასებს.

ამის შესახებ მან France 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

კითხვაზე, შეაფასებდა თუ არა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს “გენოციდად”, პოლიტიკოსმა თქვა, რომ “გენოციდი – იურიდიულად უკიდურესად მკაფიო განმარტებაა, რომელიც ამჟამად ცნობილ ფაქტებს არ შეესაბამება”.

მანამდე, ანალოგიური შინაარსის კომენტარი ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, ემანუელ მაკრონმა გააკეთა.

კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა ის, ისევე – როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ტერმინს „გენოციდი“ რუსი სამხედროების მიერ უკრაინელების მკვლელობის აღსაწერად, მაკრონმა თქვა, „დღეს ასეთ ტერმინებთან მიმართებით ფრთხილად ვიქნები, რადგან ეს ორი ხალხი – რუსები და უკრაინელები ძმები არიან.”

“მინდა, ომის შეჩერებისა და მშვიდობის დამყარების მცდელობა გავაგრძელო. არ ვარ დარწმუნებული, რომ რიტორიკის ესკალაცია ამ საქმეს წაადგება. რაც შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, არის ის, რომ სიტუაცია მიუღებელია და ეს არის ომის დანაშაულებები. ჩვენ განვიცდით უპრეცედენტო, ომის დანაშაულებებს ჩვენს მიწაზე – ჩვენს ევროპულ მიწაზე”, – თქვა მაკრონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები