“ივერია ინნ”-ში უარყოფენ, რომ მარიუპოლელი ლტოლვილების სახელს ამოფარებულ პუტინის მომხრეებს მასპინძლობენ

“ივერია ინნ თბილისის” სასტუმროსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მარიუპოლელი ლტოლვილების სახელს ამოფარებული ყირიმელები ჰყავთ დაბინავებული, სასტუმროს ადმინისტრაცია სიცრუეს უწოდებს.

როგორც “კვირას” სასტუმროს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა ლანა ბლიაძემ განუცხადა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ბლიაძე იმედოვნებს, რომ აღნიშნული მიზანმიმართული ქმედება არ იყო.

მისივე თქმით, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სასტუმროში ვითარების ადგილზე გასაცნობად სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ, რომლებმაც ნახეს რეალურად რა პირობებში ცხოვრობენ უკრაინელი ლტოლვილები.

“ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა არასწორი ინფორმაცია და დიდი იმედი მაქვს რომ ეს არ იყო მიზანმიმართული ქმედება. მან ჩემთან პირად საუბარში აღნიშნა, რომ ეს არ იყო სასტუმროს მისამართით დაწერილი პოსტი, ეხებოდა საზოგადოებას, რომ ვიცოდეთ ვის ვეხმარებითო.
რეალურად, გამოვიდა ის, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, ამ ჟურნალისტმა დაწერა არასწორი ინფორმაცია, კერძოდ:

პოსტი იწყებოდა იმით, რომ სასტუმრომ, რომელშიც მოიაზრებოდა “ივერია ინნ”, მარიუპოლელი ლტოლვილის სახელს ამოფარებული 100 “პუტინისტი” სტუმარი მიიღო, რომ რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებს ერთ სივრცეში უწევთ ცხოვრება, რომ პოლიტიკურად ძალადობენ მათზე და არასასურველ პირობებში უწევთ ყოფნა. ეს ნამდვილად არ არის სიმართლე, მარიუპოლიდან მხოლოდ 4 ოჯახი გვყავს ამ ეტაპზე.
ასევე არასწორი ინფორმაცია იყო, რომ თითქოს რუსი ტურისტები გვყავს სასტუმროში. ამას ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არცერთი რუსი ტურისტი არ მიგვიღია, რადგან ჯერ მერია ან ტურიზმის ადმინისტრაცია, შემდეგ სასტუმროს ადმინისტრაცია ვამოწმებთ. 300-მდე უკრაინელი გვყავს დაბინავებული და ყველა ზუსტად ვიცით რომ არიან უკრაინელები და არა მათ სახელს ამოფარებული “პუტინისტები”.

მესამე ამბავი, რაც ასევე არასწორია, პოსტში ეწერა, რომ სასტუმროში მოხდა “ხელჩართული ჩხუბი” პუტინის მხარდამჭერებსა და უკრაინელებს შორისო. მსგავსი ინციდენტი უბრალოდ არ ყოფილა. გარდა იმისა, რომ სასტუმროს ადმინისტრაცია მუდმივად საქმის კურსშია რა ხდება სასტუმროში, დღეს თითოეულ უკრაინელთან ვიყავით პირადად მისულები და გამოვკითხეთ მათ რაიმე ინციდენტი ხომ არ შეემთხვათ ან ხომ არ შეესწრნენ. ყველა მათგანმა უარყო ფაქტი და გაოგნებულები იყვნენ პირიქით. ამასთან გადავამოწმეთ ვიდეოკამერების ჩანაწერებიც და არაფერი მსგავსი არ ფიქსირდება.

ამიტომ იყო, თავიდან რომ დავურეკე პოსტის ავტორს, სხვა სასტუმროს ხომ არ გულისხმობდა და ხომ არ შეეშალა-მეთქი, მან მითხრა რომ სხვანაირად დაწერა და ჩვენ სხვანაირად წავიკითხეთ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ მსგავსი ინციდენტი არაფერი მომხდარა ჩვენთან.

დღეს აქტივისტებიც იყვნენ მოსულები, სწორედ ამ პოსტის შემდეგ გადაწყვიტეს მოსვლა და სრულიად სხვა განწყობით წავიდნენ, ლაივებიც ჰქონდათ ჩართული. საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებით წავიდნენ და მინდა დაინტერესებულ პირებს მივმართო და ვუთხრა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოვიდნენ და ნახონ რა ვითარებასა და პირობებში ცხოვრობენ უკრაინელები ჩვენთან”, – განუცხადა “კვირას” ლანა ბლიაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები