პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის ცვლილებას

პარლამენტმა 86 ხმით, ერთხმად, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანას.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია, რომელიც პირს უსრულდება პირველ ოქტომბრამდე, „მრავალი წელია საკითხი, რომელიც ბავშვის სკოლაში შესვლის ასაკს ეხება, აქტუალურია საზოგადოებაში. ამ კუთხით არაერთი კვლევა ჩატარდა და მოსაზრება გამოითქვა.
ამ ყველაფერზე დაყრდნობით საზოგადოებრივი აზრი იხრება იქით, რომ ყველაზე სწორი, ყველაზე ლოგიკური და ყველაზე სამართლიანია დაწყებით საფეხურზე სწავლა დაიწყონ იმ ბავშვებმა, ვისაც 6 წელი უსრულდება 31 დეკემბრის ჩათვლით. თუმცა, ამას სჭირდება შესაბამისი მომზადება, რომ სისტემა მზად დახვდეს აღნიშნული ნაკადის მიღებას. ჩვენ ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით და ეტაპობრივად გადავწევთ ვადას, თუმცა ამ ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გადაგვედო ეს საკითხი შემდგომი წლისთვის და იმ მცირე და ყველაზე მწვავე პერიოდის კონტიგენტს წელსვე შეხებოდა ეს ცვლილება”, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა კანონპროექტის წარდგენისას.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი, ხათუნა კვიციანი, მაია მენაღარიშვილი, ვლადიმერ კახაძე, ბექა დავითულიანი, როსტომ ჩხეიძე და რამინა ბერაძე. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები