მაკრონმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებებზე საუბრისას სიტყვა “გენოციდის” გამოყენება არ ისურვა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ამერიკელ კოლეგა, ჯო ბაიდენისგან განსხვავებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას ტერმინ “გენოციდის” გამოყენება არ ისურვა.
როგორც მან France 2-თან საუბარში თქვა, “ასეთი ტერმინების გამოყენებისგან ის თავს იკავებს”.
კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა ის, ისევე – როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ტერმინს „გენოციდი“ რუსი სამხედროების მიერ უკრაინელების მკვლელობის აღსაწერად, მაკრონმა თქვა, „დღეს ასეთ ტერმინებთან მიმართებით ფრთხილად ვიქნები, რადგან ეს ორი ხალხი – რუსები და უკრაინელები – ძმები არიან.”
“მინდა, ომის შეჩერებისა და მშვიდობის დამყარების მცდელობა გავაგრძელო. არ ვარ დარწმუნებული, რომ რიტორიკის ესკალაცია ამ საქმეს წაადგება. რაც შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, არის ის, რომ სიტუაცია მიუღებელია და ეს არის ომის დანაშაულებები. ჩვენ განვიცდით უპრეცედენტო ომის დანაშაულებებს ჩვენს მიწაზე – ჩვენს ევროპულ მიწაზე”, – თქვა მაკრონმა.
მან ასევე აღნიშნა საფრანგეთისა და უკრაინის თანამშრომლობა ომის დანაშაულებების გამოძიებაში.
„რუსეთმა ცალმხრივად დაიწყო უკიდურესად სასტიკი ომი, დადგენილია, რომ რუსეთის არმიამ ჩაიდინა ომის დანაშაულებები და ახლა ჩვენ უნდა ვიპოვოთ დამნაშავეები“, – განაცხადა მაკრონმა.