ნათია მეზვრიშვილი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: თუ პრობლემები დროულად არ მოგვარდა, ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცესში პრობლემები გვექნება

“სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ქვეყანაზე გულშემატკივარ ადამიანს ვერ გაგიხარდება”, – ასე ეხმაურება პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშს, სადაც საქართველოზეცაა საუბარი.

როგორც მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, თუ ის პრობლემები, რომლებზეც ანგარიშშია ყურადღება გამახვილებული, არ მოგვარდა, ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცესში ქვეყანას პრობლემები ექნება.

“მიუხედავად იმისა, რას იტყვის ხელისუფლება (პარტნიორები შეცდომაში შეიყვანეს,   ,,ნაცი,, ენჯეოები და ა.შ.), ეს ანგარიში ასახავს ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ განწყობებს, რომელთა ჩამოყალიბებას ოცნებამ შეუწყო ხელი. ანგარიშში წერია ყველაფერი, რაზეც ხელისუფლებას ვაფრთხილებდით, ვურჩევდით, რეკომენდაციებს ვუგზავნიდით.

თუ ეს პრობლემები დროულად არ მოგვარდა, ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცესში პრობლემები გვექნება. და ეს ძალიან კარგად იცის ოცნებამ.

თუ ვინმეს ხელისუფლებაში ჰგონია, რომ მარცხს საქართველოს მოქალაქეები აპატიებენ, ცდება. ამიტომ, დროზე გაუსწორეთ პრობლემებს თვალი; დაიწყეთ ღია პროცესი, ჩართეთ ყველა, ვისაც რაიმე გამოცდილება და ცოდნა აქვს (ხალხის ნაცებად და ქოცებად დაყოფის დრო არ არის) და დროზე მოვაგვაროთ ეს პრობლემები ერთობლივი ძალისხმევით. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა”, – წერს მეზვრიშვილი.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში არსებული მდგომარეობაცაა მიმოხილული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები