ივანე ჩხაიძე: ვაქცინაციის მაჩვენებლი კატასტროფულად დაბალია, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში გარკვეულ რისკებს ქმნის
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ვაქცინაციის მაჩვენებელი კატასტროფულად დაბალია, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში გარკვეულ რისკებს ქმნის.
ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გუშინწინდელი 6 გარდაცვლილი და დღევანდელი 392 ინფიცირებული ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მოსახლეობის რაოდენობას ვგულისხმობ, მაინც მაღალ რიცხვებად შეიძლება, იყოს განხილული.
აქედან გამომდინარე, ქვეყანას გარკვეული სიფრთხილის შენარჩუნება აუცილებლად სჭირდება. ბოლო ბარიერი, რომელიც დაგვრჩა, დახურულ სივრცეში ნიღბის ტარებაა. მნიშვნელოვანია, ნიღბის ტარება დახურულ სივრცეში პანდემიის დასასრულამდე შენარჩუნდეს. მეორე ბარიერი, სამწუხაროდ, გამოყენებული არაა. ამაში ვაქცინაციას ვგულისხმობ. ვაქცინაციის მაჩვენებელი კატასტროფულად დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის ახალი პარტია გვაქვს, ფინანსური წახალისების სისტემაა ამოქმედებული. ვაქცინაციის რიცხვი ძალიან დაბალია, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში გარკვეულ რისკებს ქმნის. როდესაც ვსაუბრობთ ხანგრძლივ პერსპექტივაზე, პირველ ყოვლისა, მხედველობაში გვაქვს ის, თუ რამდენი ადამიანია საქართველოში ორჯერადად ვაქცინირებული, უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენი ადამიანია ქვეყანაში 3 დოზით ვაქცინირებული. 250 000 ადამიანია, რომელსაც „ბუსტერ“ დოზა აქვს გაკეთებული. საქართველოში რომლის მოსახლეობა 3 700 000 -ია, სულ 250 000 ადამიანია, ვისაც გარკვეულად შეუძლია, თავი დაცულად მომდევნო 6 თვის განმავლობაში მაინც იგრძნოს. 250 000 ადამიანი ძალიან მცირეა.
ზაფხულის განმავლობაში შემთხვევების მატება მაინც გვექნება, ეს მობილობის გაზრდასთან იქნება დაკავშირებული. მაგრამ, ეს ისეთი მატება არ იქნება, რომ კორონავირუსის პანდემიის ტალღის სახე მიიღოს”, – განაცხადა ჩხაიძემ.