დიმიტრი ხუნდაძე: დეკრიმინალიზაცია უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში და პოპულარიზაციის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ასეთი საკითხების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრების: ალექსანდრე რაქვიაშვილის, იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელა, რომელიც ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა კანონპროექტების ძირითად პრინციპებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ადამიანებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთა არ უნდა შეეფარდოს კანაფის ჯგუფის ნივთიერებებისათვის.
მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს კანაფის პროდუქტებთან დაკავშირებული დანაშაულებისათვის ციხეში მყოფი ადამიანების გათავისუფლება და, ზოგადად, აღნიშნული დანაშაულებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება წარმოადგენს. კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ სასჯელი უნდა გაუქმდეს მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღებისთვის. კომიტეტის წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკოს განცხადებით, ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, მომხმარებელი არ არის კრიმინალი და მას სჭირდება მხარში დგომა და მკურნალობა, განსხვავებით გამსაღებლისგან, თუმცა, წარმოდგენილი ინიციატივა თავისი შინაარსით, ფაქტობრივად, ლეგალიზაციას წარმოადგენს.