იაგო ხვიჩია: დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, გამართლებაზე ვართ დამოკიდებული

ჩვენ ახლა უკრაინის კრიტიკით კი არ უნდა ვიყოთ დაკავებული, არამედ მათთან მეგობრობით და მათთან ერთად დასავლეთის კარზე მიკაკუნებით, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც საგარეო უწყების ინფორმაციას, რომ მომავალ კვირას საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადმოეცემა, გამოეხმაურა.

მისი თქმით, არამკაფიო პოზიციის გამო, დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, გამართლებაზე ვართ დამოკიდებული.

“ახლა ქვეყანა, ხელისუფლების არამკაფიო პოზიციის გამო, საერთაშორისო პარტნიორებთან სათანადოდ არ გამოიყურება, თუმცა წარსულში საქართველოს ბევრი აქვს გაკეთებული რუსეთთან ბრძოლის საქმეში, რასაც ახლა უკრაინა გადის და ეს უნდა დაფასდეს.
შეიძლება გაგვიმართლოს და უკრაინასთან ერთად ჩვენც შევაბიჯოთ დასავლეთისკენ, მაგრამ შეიძლება ჩვენი არასწორი პოლიტიკის გამო, ნაკლებად გაგვიმართლოს, უკრაინამ გაასწროს საბჭოთა სივრციდან, ჩვენ კი იქ დავრჩეთ, სადაც ჯერ კიდევ ვართ, ეს იქნება ყველაზე უარესი. სამწუხაროდ, გამართლებაზე ვართ დამოკიდებულები. ჩვენი პოლიტიკა, დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, არასაკმარისად მკაფიოა ბოლო პერიოდში და ეს ის პერიოდია, როცა პოზიციის მკაფიოობა მთავარი ღირებულებაა. შესაბამისად, ეს არ არის თანმიმდევრული ნაბიჯი დასავლეთისკენ, ჩვენ ახლა უკრაინის კრიტიკით კი არ უნდა ვიყოთ დაკავებული, არამედ მათთან მეგობრობით და მათთან ერთად დასავლეთის კარზე მიკაკუნებით. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, მაგრამ წარსულში ბევრი გვაქვს გაკეთებული იმ ბრძოლის საქმეში, რასაც ახლა უკრაინა გადის, ამიტომ იმედი მაქვს, ჩვენც გაგვიმართლებს. დღეს არ გამოვიყურებით სათანადოდ, მაგრამ არავისზე ნაკლები სისხლი არ დაგვიღვრია რუსეთთან ბრძოლაში და მგონია, რომ ეს უნდა დაფასდეს,“ – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები