“არესტოვიჩი აფერისტია, როდესაც მისნაირები “იცავენ” უკრაინის ინტერესებს, ქვეყანა ზარალდება” – გორდონი
ჟურნალისტმა, დმიტრი გორდონმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველს, ალექსეი არესტოვიჩს “აფერისტი” უწოდა. ის მიიჩნევს, რომ “მისნაირი “პროფესიონალები” ქვეყნის ინტერესებს არ უნდა იცავდნენ, რადგან ასეთ დროს უკრაინის ინტერესები ზარალდება”.
ამის შესახებ გორდონმა 2021 წლის 16 მარტს “უკრაინა 24”-ის ეთერში თქვა. არესტოვიჩი მაშინ უკრაინის საკონტაქტო სამმხრივი ჯგუფის სპიკერი იყო.
“ჩემი აზრით, არესტოვიჩი აფერისტია, რომელიც სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფიდან ცოცხით უნდა გააძევონ, რადგან როდესაც ასეთი “პროფესიონალები” იცავენ უკრაინის ინტერესებს, უკრაინის ინტერესები ზარალდება. ეს არის შემთხვევითი მგზავრი ამ გემზე და ასეთი ხალხისგან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდე. ამ ადამიანს, ჩემი აზრით, არ გააჩნია შეხედულებები, ან პრორუსული შეხედულებები აქვს, რადგან შეუძლებელია, ასეთი თანმიმდევრულობით შეცვალო შეხედულებები და იყო ასეთი სულელი“, – განაცხადა გორდონმა.
მანამდე, უკრაინის საპარლამენტო ფრაქციის – „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის მოადგილემ, ევგენია კრავჩუკმა “მიუღებელი” უწოდა არესტოვიჩის საქციელს, რომელმაც სოციალურ ქსელებში უკრაინულ ენაზე კომუნიკაციაზე უარი თქვა. ამ ენაზე არესტოვიჩი “ფეისბუქზე” უყვებოდა მკითხველს, რამდენად მნიშვნელოვანია მოლაპარაკების შესაძლებლობა.
არესტოვიჩს კომენტარებში უკრაინული ენის გამოყენება სთხოვეს, საპასუხოდ მან დაწერა: „Пошел на * . ასე უფრო გასაგებია?”
ამის შემდეგ, პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატთა ჯგუფმა სპიკერის თანამდებობიდან არესტოვიჩის გადაყენების პროცესი წამოიწყო. არესტოვიჩი უკრაინის დელეგაციის მრჩეველი საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებში 2020 წლის 28 ოქტომბერს გახდა.
ალექსეი არესტოვიჩი საქართველოში დაიბადა. განათლება ოდესის სახმელეთო ჯარების ინსტიტუტში მიიღო. 1999 წლიდან 2005 წლამდე დაზვერვის მთავარ სამმართველოში მუშაობდა, რეზერვში მაიორის წოდებაც მიიღო. სწავლობდა ფსიქოლოგიას და თეოლოგიას, მუშაობდა თეატრისა და კინოს მსახიობად.
2014 წლიდან ის აქტიურად ეხმაურებოდა სამხედრო მოვლენებს უკრაინულ მედიაში, კერძოდ, დონბასის ომს და ამის შესახებ Facebook-ზეც წერდა.
2017 წელს ბლოგერმა დაწერა, რომ უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.
„2014 წლის გაზაფხულიდან ბევრს გატყუებდით. ვიტყუებოდი არა „ფაქტების დამახინჯების“ მნიშვნელობით, არამედ იმ მნიშვნელობით, რომ „სრულად არ ვამბობდი იმას, რასაც რეალურად ვფიქრობდი“… ეს იყო წმინდა პროპაგანდისტული საქმე, რუსეთის სამხედრო აგრესიით გამოწვეული“, – დაწერა მან 2017 წელს “ფეისბუქზე”.
იმავე პოსტში მან თქვა, რომ თავს პატრიოტად არ მიიჩნევს, „უფრო მეტიც, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რომელიმე ეროვნული სახელმწიფოს პატრიოტად“.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge